საკა და კარვახალი შესვენებაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, მადრიდის "რეალისა" და "არსენალის" დაპირისპირება შედგა.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი "არსენალის" გამარჯვებით 1:2 დასრულდა. "რემონტადა" არ შედგა - ორი თამაშის ჯამში "არსენალმა" 5:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.
ბუკაიო საკას "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანგარიშის გახსნა მე-13 წუთზე შეეძლო, მაგრამ მისი პენალტი ტიბო კურტუამ მოიგერია. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ საკას დანი კარვახალი წამოეწია და მისი პროვოცირება სცადა. რთული სათქმელია, თუ რა უთხრა კარვახალმა, მაგრამ ნათქვამმა საკას გაღიზიანება გამოიწვია და "არსენალის" შემტევმა კარვახალს ხელი ჰკრა. სიტუაციის განსამუხტად "მეთოფეების" წარმომადგენლები და სამართალდამცავები ჩაერივნენ.
მატჩში გატანილი პირველი გოლის ავტორი სწორედ ბუკაიო საკა გახდა. ინგლისელმა "რეალის" კარი 65-ე წუთზე აიღო, ზუსტად 2 წუთში კი ვინისიუსმა წონასწორობა აღადგინა. 93-ე წუთზე გაბრიელ მარტინელიმ მეორე გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.