საიდუმლო გეგმა და 20-მილიარდიანი გარიგება: რატომ დაუპირისპირდნენ უეფა და ფიფა ერთმანეთს?
მსოფლიო ფეხბურთის ორ უმთავრეს გიგანტს შორის დაწყვებული „ცივი ომი“ უკვე ღია, საჯარო სამართლებრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიფამ უეფას ორგანიზებული „დეზინფორმაციული კამპანიის“ წარმოება და ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა დასდო ბრალად. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც უეფამ ამერიკულ სასამართლოში ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ფიფას მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს მაროკოს ქალაქ რაბატში გაიმართება. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.
კრიზისი გასულ თვეს დაიწყო. უეფამ ამერიკის ფედერალურ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა უფლება, შეაგროვოს ჩვენებები თუ დოკუმენტები იმ სისხლის სამართლის საქმისთვის, რომლის აღძვრასაც შვეიცარიაში, უშუალოდ ინფანტინოს წინააღმდეგ გეგმავს. ამ სკანდალის მთავარი მიზეზი ის გასაიდუმლოებული გეგმაა, რომელიც დღეს უკვე გამოაშკარავებულია. იდეის თანახმად, მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებები ახლად შექმნილ შვილობილ კომპანიისთვის - „FIFA Forward Enterprise“-ისთვის (FFE) უნდა გადაეცათ.
🚨🚨FIFA has accused European football chiefs of “harassment” against Gianni Infantino and claims they are trying to influence the FIFA presidential election by spreading “misinformation” over his controversial World Cup venture.
— Speedline (@speedlne) September 29, 2026
The explosive allegations were made in a U.S.… pic.twitter.com/aMtHtAm6qt
Reuters-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ინვესტორებს კომპანიის წილში 4.2 მილიარდი დოლარი უნდა გადაეხადათ, ხოლო თავად კომპანიის საერთო ღირებულება 20 მილიარდ დოლარად შეფასდა.
ფიფას განცხადებით უეფას სარჩელი სავსეა მცდარი და მანიპულაციური ცნობებით ორგანიზაციისა და ინფანტინოს შესახებ.
„არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, თითქოს ჯანი ინფანტინო ამ პროექტით პირად სარგებელს იღებდა. პროექტი განხილვის ეტაპზე იყო და საბოლოო დასტური როგორც წევრ ასოციაციებს, ისე ფიფას საბჭოს უნდა მოეცათ“ - ფიფას ოფიციალური განცხადება
როგორც ირკვევა, FFE-ის პროექტი ფიფამ საბოლოოდ გასულ ივლისს დახურა. იდეა კონტინენტური კონფედერაციების მკვეთრმა პროტესტმა გამოააშკარავა - უეფამ, ჩრდილოეთ ამერიკის CONCACAF-მა და აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მათთან კონსულტაციები საერთოდ არ გამართულა. ამ ბზარმა ფიფას მმართველობითი სისტემის სასწრაფო რეფორმირების საჭიროებაც წამოჭრა.
შექმნილი ვითარების განმუხტვა ინფანტინომ გასულ კვირას სცადა. მან 211-ვე წევრ ასოციაციას წერილი გაუგზავნა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება შესთავაზა.