საფრანგეთის სასამართლომ მარადონას 1986 წელს მოპოვებული ოქროს ბურთის გაყიდვა აკრძალა
საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აუქციონის სახლ Aguttes-ს დიეგო მარადონას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს ბურთის გაყიდვა აეკრძალა.
სასამართლომ ლეგენდარული ფეხბურთელის მემკვიდრეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჯილდო, რომელიც 2016 წელს ხელახლა გამოჩნდა, 1989 წელს, ნეაპოლში, ბანკის საცავიდან მოიპარეს.
,,გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს პასუხობს და ჩემს კლიენტებს ამშვიდებს, კმაყოფილი ვარ. სამი თვის განმავლობაში, დავის მოსაგვარებლად შესაბამის მტკიცებულებებს წარმოვადგენთ.'' - განაცხადა მარადონას ოჯახის ადვოკატმა
ადვოკატმა ჟილ მორეუმ ისიც თქვა, რომ მანამ, სანამ გადაწყდება, ვის ეკუთვნის თასი, ხანგრძლივ იურიდიულ ბრძოლას ელის, რადგან არსებობს ორი პროცესი - სისხლის სამართლისა და სამოქალაქო.
მარადონას ოჯახის სარჩელამდე, ,,ოქროს ბურთის'' კანონიერ მფლობელად ვინმე აბდელჰამიდ ბ. ითვლებოდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ნივთი კანონიერად იყიდა და არ იცოდა, რომ მოპარული იყო.
ფრანგული მედიის ცნობით, პარიზში არსებული აუქციონის სახლი ჯილდოს რეკორდულ თანხად, დაახლოებით 10 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებდა.
მარადონას ,,ოქროს ბურთი'' 1986 წელს პარიზში გამართულ ცერემონიალზე გადაეცა. დიეგომ მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გოლი გაიტანა, არგენტინის ეროვნული ნაკრები კი მუნდიალის გამარჯვებული გახდა.