საფრანგეთის ნაკრებმა გიბრალტარი სარეკორდო ანგარიშით გაანადგურა
საფრანგეთის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, გიბრალტარის ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 14:0 გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებისთვის ეს შეხვედრა ბევრს არაფერს წყვეტდა, მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს და თამაშის ბოლომდე არ გაჩერებულან.
საერთო ჯამში, ეს გამარჯვება ფრანგებისთვის სარეკორდოა, მათ აქამდე არავისთან მოუგიათ 14-ბურთიანი უპირატესობით. შეხვედრა გამორჩეული გამოდგა კილიან მბაპესთვისაც, რომელმაც კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა. ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა 17 წლის უორენ ზაირ-ემერიმ, რომელსაც ეროვნულ გუნდში ახლახან უხმეს. ნაკრების ფორმით პირველი გოლები გაიტანეს ჯონათან კლაუსმა და იუსუფ ფოფანამაც.
ამ მომენტისთვის საფრანგეთის ნაკრებს 21 ქულა აქვს და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, გიბრალტარის ნაკრებს 7 ჩატარებულ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, ყველა თამაში წააგო და 35 გოლი გაუშვა.