საფეხბურთო ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, ფეხბურთში, მასპინძელი საფრანგეთი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ფინალში დაუპირისპირდება. საფრანგეთმა ნახევარფინალში ეგვიპტის ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა, თუმცა შეხვედრა მარტივი არ გამოვიდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, აღსანიშნავია, რომ ექსტრა-ტაიმები ეგვიპტელებმა 10 კაცით ჩაატარეს და 99-ე წუთზე ჯერ ჟან-ფილიპ მატეტასგან მიიღეს გოლი, შემდეგ კი მაიკლ ოლისემ ყველაფერი დაასრულა. მატეტამ ამ შეხვვედრაში დუბლი შეასრულა, 83-ე წუთზე სწორედ მან გაათანაბრა და საფრანეთი წაგებისგან იხსნა.
მეორე ნახევარფინალში ესპანელებმა მაროკოსთან ქამბექი შეასრულეს. 66-ე წუთამდე "ფურია როხა' მარცხდებოდა, თუმცა ფერმინ ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი მისი გადაცემით ხუანლუ სანჩესმა გამარჯვების გოლი გაიტანა (1:2).
ესპანეთი ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, ტოკიოში ისინი ბრაზილიასთან დამარცხდნენ. ორივე გუნდი ისტორიაში მეორე ოქროს მოპოვებას შეეცდება, ფრანგები ჩემპიონები 1984-ში, ლოს ანჯელესში გახდნენ, ესპანეთმა კი ოქრო 1992 წელს, ბარსელონაში მოიგო. ფინალი 9 აგვისტოს შედგება.
მაროკო და ეგვიპტე ბრინჯაოსთვის ხუთშაბათს შეხვდებიან, ორივე აფრიკული გუნდისთვის ეს პირველი მედალი იქნება ამ სახეობაში.