საბურთალო ახალი სახელით ითამაშებს
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დედაქალაქური კლუბი "საბურთალო" ახალი სეზონიდან სახელს შეიცვლის, ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა. ხეჩიკაშვილის აზრით, რებრენდინგი უკეთესი მომავლის საწინდარია. საბურთალომ, როგორც ლოკალურმა მოვლენამ საკუთარი თავი ამოწურა და როგორც ბიზნესის, ასევე წმინდად საფეხბურთო კუთხით, სახელის ცვლილება უფრო ფართო მასშტაბებზე გასვლის წინაპირობაა.
ეს იქნება ახალი ფურცელი ჩვენი გუნდის ისტორიაში. 1999 წელს კლუბი ისე დაარსდა, როგორც ლოკალური უბნის გუნდი. მირჩევნია ახალგაზრდული აკადემია გავაძლიერო და ფული ამაში დავხარჯო, ვიდრე მოვიწვიო ლეგიონერები და შემდეგ გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩეს. გუნდს "იბერია 1999" ერქმევა და ეს რეგიონებში მოთამაშე პატარებისთვისაც უფრო ახლობელი სახელწოდება იქნება. - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა
საბურთალო თბილისში 1999 წელს დაარსდა. კლუბი 2014-2015 წლების სეზონში საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და მას შემდეგ რანგით უმაღლეს ჩემპიონატში თამაშობს. ამ დროის განმავლობაში საბურთალომ საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად დავით ყიფიანის თასი 3-ჯერ მოიგო, ერთხელ კი საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.