სტადიონი, ქუჩა, ტურნირი და სტიპენდია | იბერია გიორგი ნემსაძის სახელის უკვდავყოფას აპირებს
საქართველოს ნაკრების აწ გარდაცვლილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად იბერია 1999 მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. მის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა.
"გიორგი ნემსაძე ქართული ფეხბურთისთვის და უშუალოდ იბერიასთვის გამორჩეული ფიგურა იყო. მან თავისი ცხოვრებით სახელი ისედაც უკვდავყო, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ.
ცნობილია, რომ დიღომში ჩვენი გუნდის და აკადემიის საფეხბურთო ბაზა შენდება. გადავწყვიტეთ, რომ იბერიას აკადემიის მთავარ სტადიონს გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება. ამავე დროს, ვაპირებთ საერთაშორისო ტურნირის აღდგენას, რომელსაც "ნემსას თასი" ეწოდება.
ასევე ვაპირებთ საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანზე წიგნის გამოცემას, ხოლო სპორტის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი რეგიონებში ნიჭიერ ფეხბურთელებს შეარჩევს და გიორგის სახელობის სტიპენდიას გადავცემთ.
გარდა ამისა, თბილისის საკრებულოში შევიტანთ წინადადებას, რომ ქუჩას, სადაც გიორგი ნემსაძე ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭოს. ის არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელი, დიდი ადამიანი იყო და ვფიქრობ, რომ ამას იმსახურებს", - ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.
გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის კარიერის განმავლობაში დინამო თბილისის, ლანჩხუთის გურიას, შევარდენის, გერმანული ჰომბურგის, თურქული ტრაბზონსპორის, შვეიცარიული გრასჰოპერსის, იტალიური რეჯიანას, შოტლანდიური დანდისა და თბილისის ლოკომოტივის შემადგენლობაში თამაშობდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 70 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და არაერთ შეხვედრაში გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, შევარდენს, გორის დილასა და დინამო თბილისს წვრთნიდა.