საბა ხარებაშვილი ადიდასის სახე გახდება
belive-თვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ 2008 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელი, საბა ხარებაშვილი სულ მალე ადიდასის სახე გახდება. საბოლოო დეტალები ცნობილი არაა, თუმცა შეთანხმება უკვე მიღწეულია და გარიგება მხოლოდ სპორტული ბრენდის ეკიპირების ტარებას არ ეხება. adidas-თან კონტრაქტი ხვიჩა კვარაცხელიასაც აკავშირებს და ახლა უკვე თბილისის "დინამოს" თინეიჯერი ფეხბურთელის ჯერია.
საბა ხარებაშვილის სახელი, ფართო მასებისთვის პირველად მაშინ გაჟღერდა, როცა ის უეფა-ს ეგიდით ჩატარებული ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხარებაშვილი 15 წლის, 10 თვის და 8 დღის იყო, როცა კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში, მონტენეგროს "მორნარის" წინააღმდეგ ითამაშა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.
საბა ხარებაშვილი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა. ის პოზიციით მარცხენა მცველია, თუმცა საყრდენად თამაშიც შეუძლია. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ ცოტა ხნის წინ, უცხოური გამოცემები წერდნენ, რომ ქართველი ტალანტის გადაბირებით "რეალი" და ბარსელონა" არიან დაინტერესებული და ოფიციალურ შეთავაზებასაც მალე ვიხილავთ.