რუსეთის ნაკრები ბრაზილიურ კლუბებთან ამხანაგურ მატჩებს გეგმავს
რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია ბრაზილიის სერია ა-ს კლუბებთან რუსეთის ნაკრების ამხანაგური მატჩების სერიის გამართვის ვარიანტზე მუშაობს. ეს ყველაფერი კი ეროვნული ნაკრებების თამაშების პაუზის დროს, 20-დან 30 მარტამდე პერიოდში მოხდება.
ამხანაგური მატჩების შესაძლებლობა განიხილება არა მხოლოდ ეროვნული ნაკრებისთვის, არამედ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდისთვისაც.
საბოლოო შეთანხმებები ჯერ არცერთ კლუბთან არ არის მიღწეული, მაგრამ ერთ-ერთი პოტენციური მეტოქე "კორინთიანსია", რომელმაც ბოლო პერიოდში მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.
იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება შედგება, მატჩები კატარში ან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთის საფეხბურთო ნაკრები, ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან მოიხსნა და არსად ასპარეზობის უფლება არ აქვთ.