ესპანელმა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონობის ბონუსი ფედერაციის თანამშრომლებს გადასცა
ხანდახან ფეხბურთში ფული ყველაფერს არ წყვეტს. ამის საუკეთესო მაგალითს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ვხედავთ, რომელიც შაბათს „უემბლიზე“ მაისურზე უკვე ორი ვარსკვლავით გამოვა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ესპანელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ტურნირის ჩემპიონობისთვის განკუთვნილ ბონუსზე უარი თქვა და ის მთლიანად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებს გადასცა - მათი გაწეული უზარმაზარი შრომის დასაფასებლად.
ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის თასი 19 ივლისს, ნიუ-იორკში აღმართა. ფეხბურთის სამყარო აღფრთოვანებული იყო ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის თამაშით, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა ის ერთიანი ატმოსფერო, რომელიც ნაკრებში სუფევდა. ამერიკაში გამართული ტურნირისთვის მზადება ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში დაიწყო. ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის ზურგს უკან დგას ფედერაციის პერსონალის დიდი ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავდა იმაზე, რომ ორგანიზაციულად ყველაფერი უმაღლეს დონეზე ყოფილიყო აწყობილი.
მოედანზე მიღწეული წარმატება, რა თქმა უნდა, მოთამაშეებს ეკუთვნით, თუმცა კულისებს მიღმა უამრავი ადამიანი შრომობდა. ტურნირის დაწყებამდე ფედერაციასა და ფეხბურთელებს შორის შეთანხმება მოქმედებდა - რაც უფრო შორს წავიდოდა გუნდი, მით მეტს მიიღებდნენ მოთამაშეები FIFA-ს მიერ გამოყოფილი საპრიზო ფონდიდან, რომელმაც საბოლოოდ 59 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ შეთანხმებით, 23-კაციანი განაცხადის თითოეულ წევრს ჩემპიონობისთვის დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარი ერგებოდა. მით უფრო გასაოცარი აღმოჩნდა ფედერაციის სათავო ოფისისთვის გადაწყვეტილება, როდესაც ერთ-ერთმა მსოფლიო ჩემპიონმა კუთვნილ თანხაზე უარი თქვა უბრალო თანამშრომელთა სასარგებლოდ.
ფეხბურთელს სურს, რომ მისი ვინაობა ანონიმური დარჩეს, რადგან ამ ნაბიჯს უბრალო მადლიერების გამოხატულებად მიიჩნევს იმ ადამიანების მიმართ, რომლებთან ერთადაც თითქმის ორთვიანი შეკრება და ტურნირი გაიარა. ეს ჟესტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დე ლა ფუენტეს მიერ შექმნილი გუნდი ბევრად მეტია, ვიდრე თანამედროვე ფეხბურთის ჩვეულებრივი რეალობა.
ესპანეთმა ტურნირი მოედანზე მოიგო, თუმცა კულისებს მიღმაც ყველაფერს იდეალურად უნდა ემუშავა - ფედერაციის თანამშრომლებმა თავისი საქმე პირნათლად შეასრულეს, კვირების შემდეგ კი ერთ-ერთმა მოთამაშემ მათ ისეთი ჟესტით უპასუხა, რაც სპორტს, ფეხბურთს და გუნდურობის განცდას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
💰 Un campeón del mundo cede su millonaria prima a los empleados de la Federación
— Diario AS (@diarioas) September 24, 2026
🤝 El gesto muestra que el grupo que ha formado Luis de la Fuente va más allá de la lógica del fútbol actualhttps://t.co/N59RM1XSIF