Belive

რუი ნაპოლის ტოვებს და კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" 33 წლის მარცხენა მცველი - მარიო რუი, 7-წლიანი ნეაპოლური კარიერის შემდეგ კლუბს ტოვებს და კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძლებს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა პირად კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "სან პაულუსთან" და ტრანსფერის გაოფიციალურებისთვის, მხოლოდ ოფიციალური ხელმოწერაა საჭირო.

მარიო რუის "ნაპოლიში" დარჩენა სურდა, თუმცა კლუბის მესვეურებისგან იგრძნო, რომ კლუბისთვის იგი აღარ იყო საჭირო. გარდა უთამაშებლობისა, მარიო რუი საკუთარ პოზიციაზე მესამე ფეხბურთელი გახდა.

კლუბმა მარცხენა მცველად ლეონარდო სპინაცოლა დაიმატა, მის შემცვლელად კი მატიას ოლივეირას მოიაზრებენ, მარიო რუი კი ამ პოზიციაზე მესამე არჩევანია.

ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე დღის წინ, თავად ფეხბურთლმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ იგი უთამაშებლობას ვერ შეეგუებოდა.

"ძალიან მიყვარს ეს გუნდი, უდიდეს პატივს ვცემ და ჩემპიონებიც ერთად გავხდით. მიყვარს აქაურობა, ეს ქალაქი, ეს გუნდი და ყველაფერი რაც ამ დიდებულ გუნდთან მაკავშირებს, თუმცა, ისეთ ასაკში ვარ, რომ ძალიან მალე ალბათ საერთოდ ვეღარ ვითამაშებ და სანამ თავს კარგ კონდიციაში ვგრძნობ, მინდა რომ რაც შეიძლება მეტი თამაში ვითამაშო.

არ მინდა იმის დაჯერება, რომ ნეაპოლში ჩემი თავი ამოვწურე და აქ ის ვეღარ დავიმსახურე, რომ სათამაშო დრო და პრაქტიკა მქონდეს, სამწუხაროდ ბოლო პერიოდის ამბები ამ აზრებს ადასტურებს და დიდი ხანი აქ ვერ გავჩერდები..." - მარიო რუი

შეგახსენებთ, რომ მარიო რუი "ნაპოლიში" 2017/2018 წლების სეზონიდან თამაშობს, რა დროშიც მან 227 თამაში ითამაშა, სადაც 3 გოლის გატანა და 26 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

33 წლის პორტუგალიელ მცველს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით აკავშირებს, თუმცა სავარაუდოდ, რუი რამდენიმე დღეში კლუბს დატოვებს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარიო რუის საკლუბო კარიერაში სულ ორი ტიტული აქვს მოგებული და ორივე "ნაპოლის" შემადგენლობაში - სკუდეტო (იტალიის ჩემპიონატი) და იტალიის თასი.

სხვა სტატიები