Belive

რუბენ დიაში: "აქამდე გუნდურობამ მოგვიყვანა, ასე უნდა გავაგრძელოთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პორტუგალიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა მცველმა რუბენ დიაშმა თავისი ნაკრებისთვის ევროპის 2020 წლის  ჩემპიონატის საწყისი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა. "მნიშვნელოვანია დავიცვათ იგივე წესები, რომელმაც ევრო 2016-ზე ჩემპიონობამდე მიგვიყვანა. ეს ნიშნავს, რომ ყველა მატჩს სუფთა გონებით მივუდგეთ და გუნდში ვითამაშოთ ისე, რომ მოედანზე არ იყოს მე, არამედ - ჩვენ. სხვა გზა არ არის. ასე იყო 2016 წლის საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატზე და სხვა ტურნირებზე. ეს არის ერთადერთი შესაძლო მიდგომა ამ ტურნირთან. პორტუგალიის ნაკრების წარმატებას მოულოდნელ აღმაფრენას ვერ ვუწოდებდი. ეს ყველაფერი მრავალი წლის მუშაობისა და ნიჭიერი პერსონალის შერწყმამ გამოიწვია, რომელიც ჩვენ ნამდვილად არ გვაკლია. შემდეგ ჩვენ გუნდის თამაში გავმართეთ. ნიჭიერი ფეხბურთელების ყოლა კარგია, მაგრამ მარტო ვერავინ ვერაფერს იგებს. მე მჯერა, რომ ამ გუნდის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი გუნდური თამაშია. განსაკუთრებით დიდ ტურნირებზე, როდესაც გუნდის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას და ყველა საერთო მიზნის მისაღწევად მუშაობს", - თქვა 24 წლის უკანახაზელმა, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 2019 წელს, უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის პირველი გათამაშება მოიგო. რუბენ დიაშს, პორტუგალიის ნაკრებში დებიუტი 2018 წლის 28 მაისს ჰქონდა და მას შემდეგ ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით 28 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტუგალიის ნაკრები F ჯგუფის პირველი ტურის შეხვდრას უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სწორედ უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 15 ივნისს, "პუშკაშ არენაზე" გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები