Belive

"რწმენა არ უნდა დავკარგოთ",- პირლო ბენევენტოსთან მარცხის შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სერია ა-ს 28-ე ტურში ტურინის "იუვენტუსმა" "ბენევენტოს" უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე მოულოდნელად ანგარიშით 0:1 დამარცხდა. "ბებერმა ქალბატონმა" აღნიშნულ შეხვედრაში მარცხით სკუდეტოს მოგების შანსი სერიოზულად შეიმცირა, რადგან სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე მყოფ "ინტერთან" ჩამორჩენა ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე 10 ქულას შეადგენს. მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით გუნდმა რწმენა არ უნდა დაკარგოს, რადგან ტიტულის მოგება ჯერ კიდევ შესაძლებელია. Sky Sport-თან საუბარში პირლომ განაცხადა:
"ჩვენ რწმენა არ უნდა დავკარგოთ, უნდა გვჯეროდეს ჩვენს მიერ არჩეული გზის. მიზანი არ იცვლება, მაგრამ მიდგომების შეცვლაა საჭირო. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მაისური გვაცვია, რომელიც ყოველ ჯერზე პატივისცემით უნდა ვატაროთ". "დღევანდელ შეხვედრაში ჩვენზე ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ უკეთ უნდა გვეთამაშა. ყველა ასპექტში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ, როდესაც ისე თამაშობ, როგორც ჩვენ ვითამაშეთ, წაგება სავსებით რეალურია". "გამარჯვება ძალიან გვსურდა, თუმცა ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა, რადგან "ბენევენტო" კარგად ორგანიზებული გუნდია. ჩვენ სიმშვიდე უნდა შეგვენარჩუნებინა და მეტოქე ჩვენი თამაშით უნდა დაგვემარცხებინა, მაგრამ ყველაფერი პირიქით გამოვიდა. ძალიან დაბნეულები ვიყავით, ბევრი შეცდომა დავუშვით და სამწუხაროდ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ".
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში "იუვენტუსმა" 27 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 55 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ანდრეა პირლოს გუნდი ლიდერ "ინტერს" 10 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები