რონალდუს კიდევ ერთი ტიტული - 41 წლის ლეგენდა გაჩერებას არ აპირებს
საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ალ ნასრისა და დამაკის შეხვედრა გაიმართა. მასპინძლებმა მეტოქე დიდი ანგარიშით, 4-1 დაამარცხეს, რითაც უახლოეს მდევარ ალ ჰილალს ორი ქულით გაასწრეს და პრო ლიგის ჩემპიონები, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გახდნენ. აღნიშნულ დაპირისპირებაში კრიშტიანუმ დუბლი შეასრულა. მის გარდა, გოლები სადიო მანემ და კინგსლი კომანმა გაიტანეს.
პორტუგალიელი ლეგენდა ალ ნასრის რიგებს 2023 წლის იანვარში შეუერთდა, სადაც გადასვლის დღიდან მოყოლებული, იბრძოდა ტიტულის მოსაგებად. სამი წლის თავზე კი, მისი ოცნება, ახალ გუნდთან ერთად გამხდარიყო ჩემპიონი, რეალობად იქცა.
„რონალდუსთვის ეს ტიტული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და ამის გამო, საკუთარ თავზე, დიდ ზეწოლას განიცდიდა. ყოველდღიურად მასთან დიდ დროს ვატარებ, კარგად ვიცნობ და ვიცი რამდენად უნდოდა გამარჯვება.“ - ჟოაო ფელიქსი
LOS GESTOS DE CRISTIANO RONALDO. 😅 pic.twitter.com/lsbnOtzGKg
— Sudanalytics (@sudanalytics_) May 22, 2026
ფელიქსის ეს კომენტარი, ნათლად აღწერს რონალდუს ბუნებას. იმ რონალდუსი, რომლისთვისაც საკმარისი არასდროს არაფერია და ყოველთვის რაღაცისთვის იბრძვის. მისი მიღწევების მქონე ნებისმიერ ფეხბურთელს, კარიერა ალბათ უკვე დიდი ხნის დამთავრებული ექნებოდა. კრიშტიანუ კი 41 წლის ასაკშიც არ ჩერდება. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელს, ყოველი ახალი ჩემპიონობა, მატჩის მოგება და გატანილი გოლი, ერთნაირად ახარებს. ზოგადად, კრიშტიანუს პერსონის მიმართ, განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ზოგს ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია, ზოგი კი მას მისი ხასიათის, განსაკუთრებით, გადაჭარბებული ემოციების გამო აკრიტიკებს.
როგორც თვითონ აქვს ნათქვამი, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი 1000 კარიერული გოლია, რასთანაც ძალიან ახლოსაა. დამაკთან შესრულებული დუბლით, მას 973 გოლი დაუგროვდა და რეკორდულ შედეგამდე, სულ რაღაც 27 გოლი აშორებს. ეს ფაქტიც მის ხასიათზე და პერსონაზე მეტყველებს. რონალდუს მიმართ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ფაქტი, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა, არანაირ ეჭვს არ ბადებს. ამაზე მისი ტიტულებიც მეტყველებს. პორტუგალიელს გუშინდელმა ჩემპიონობამ კარიერაში, 35-ე ტიტული მოუტანა.