Belive

"რონალდუმ უფრო მეტი იმედგაცრუება გამოიწვია ვიდრე მესიმ",- ანტონიო დი ჯენარო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიის ნაკრების ყოფილმა წევრმა ანტონიო დი ჯენარომ იტალიურ ტელეარხ RAI-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს და "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა. 62 წლის ყოფილი ფეხბურთელის აზრით პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ტურინის "იუვენტუსის" მოლოდინები ვერ გაამართლა და მის ტურინულ გრანდში ასპარეზობას იმედგაცრუება უწოდა. მიმდინარე სეზონის მიხედვით  დი ჯენარომ რონალდუს და მესის მიღწვებიც შეადარა და უპირატესობა არგენტინელს მიანიჭა. ტურინის "იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ "რეალიდან" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად დაიმატა, თუმცა ჯერჯერობით ამ საქმიდან არაფერი გამოდის. მიმდინარე სეზონში ტურინული გრანდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან ასპარეზობას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. ორი მატჩის ჯამში "იუვენტუსისა" და "პორტუს" დაპირისპირება 4:4 დასრულდა, თუმცა სტუმრად გატანილი ბურთების უპირატესობით შემდეგ ეტაპზე პორტუგალიური გუნდი გავიდა. აღსანიშნავია, რომ რონალდუმ ორმატჩიან დაპირისპირებაში თავის გამოჩენა ვერაფრით შეძლო.
დი ჯენარომ "პორტუსთან" რონალდუს თამაშს იმედგაცრუება უწოდა.
" დრო ყველასთვის ერთნაირად გადის, მიმაჩნია, რომ რონალდუმ უფრო მეტი იმედგაცრუება გამოიწვია, ვიდრე მესიმ. "პორტუსთან" შეხვედრაში კრიშტიანუ აბსოლუტურად გამოთიშული იყო მატჩის მიმდინარეობას. ასეთ მდგომარეობაში მე ის არადროს მინახავს. მიუხედავად "პორტუსადმი" დიდი პატივისცემისა, ასეთი გამოვარდნა ასპარეზობიდან ისეთი ბრწყინვალე გუნდისთვის, როგორიც "იუვენტუსია", ყოვლად მიუღებელია. საჭიროა, რომ მიზეზები დეტალურად იქნას გაანალიზებული. "იუვენტუსი" უნდა ხვდებოდეს, თუ რა მოხდება შემდეგ სეზონში". 
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის 2004-05 წლების სეზონის შემდეგ პირველადაა, რომ მეოთხედფინალში ვერც რონალდუ და ვერც მესი ვერ მიიღებენ მონაწილეობას. "ბარსელონა" მერვედფინალში ორ მატჩის ჯამში "პარი სენ-ჟერმენთან" 5:2 დამარცხდა, თუმცა რონალდუსგან განსხვავებით საპასუხო მატჩში მიუხედავად გაფუჭებული პენალტისა ლეო მესიმ თავის გამოჩენა ბრწყინვალე გოლით შეძლო. რამდენად სამართლიანი, რომ ბოლო წლებში "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა მხოლოდ რონალდუს დაბრალდეს, ცალკე საკითხია, თუმცა "პორტუსთან" ორმატჩიან დაპირისპირებაში "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელმა ნამდვილად ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.    

სხვა სტატიები