Belive

რონალდო: "კრიშტიანუს საუდის არაბეთის დონე აქვს, თუმცა მუნდიალზე თამაში ძალიან რთულია"

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს გარშემო ატეხილი ვნებათაღელვა და მისი ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად თემას ფეხბურთის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი - რონალდო ნაზარიო გამოეხმაურა.

„ფენომენის“ განცხადებით, პორტუგალიელი იმ ზღვრამდე მივიდა, როდესაც მისი სხეული ვეღარ მიჰყვება უმაღლეს დონეზე კონკურენციის გაწევის უდიდეს სურვილს.

„რა თქმა უნდა, დგება მომენტი, როდესაც სხეული გეუბნება, რომ გაგრძელება აღარ შეგიძლია. ვფიქრობ, კრიშტიანუმ და ნეიმარმა საკუთარ სხეულთან ურთიერთობის სწორედ ამ ნიშნულს მიაღწიეს. საკუთარ ორგანიზმთან ბრძოლის მოგება ყოველთვის ძალიან რთულია.

კრიშტიანუს ალბათ ჯერ კიდევ აქვს საიმისო რესურსი, რომ საუდის არაბეთში ითამაშოს, მაგრამ მუნდიალზე ასპარეზობა სულ სხვა დონეა. იქ მოთხოვნები გაცილებით მაღალია.

მიუხედავად ჩვენი უდიდესი ვნებისა, ფეხბურთის სიყვარულისა და მუდმივად მოედანზე ყოფნის სურვილისა, საბოლოო სიტყვას მაინც სხეული ამბობს. მე თავად აღარ ვთამაშობ იმიტომ, რომ გონება ისე მუშაობს, როგორც სხეულს აღარ შეუძლია.“ - რონალდო ნაზარიო

ბრაზილიელი ლეგენდის სიტყვები ზუსტად ასახავს პორტუგალიის ნაკრების რეალობას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ტურნირის დაწყებამდე რობერტო მარტინესის გუნდზე უზარმაზარი იმედები მყარდებოდა - ვარსკვლავური შემადგენლობით დაკომპლექტებულ პორტუგალიას ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთა შორის მოიაზრებდნენ. რეალურად კი, პორტუგალიამ უკიდურესად დაბალი ხარისხის, ნელი და უსახური ფეხბურთი აჩვენა, რაც ლოგიკურ კრახამდე მივიდა.

გუნდმა მერვედფინალშივე დაასრულა ასპარეზობა, სადაც პრინციპულ მეტოქესთან, ესპანეთთან 0:1 დამარცხდა. პორტუგალიელებმა მთელი მატჩი პასიურად, დაცვით ტაქტიკაში გაატარეს, ესპანეთმა კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მიკელ მერინოს გოლით დამსახურებულად გაიფორმა მეოთხედფინალის საგზური. კრიშტიანუ რონალდუმ მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა, თუმცა მეტოქის კარს საფრთხე ფაქტობრივად ვერ შეუქმნა, რითაც 41 წლის ფორვარდისთვის მუნდიალის ისტორია მძიმე იმედგაცრუებით დასრულდა.

სხვა სტატიები