Belive

რა თანხით დააჯარიმებს ფედერაცია კრიშტიანუ რონალდუს?

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ნაკრების შეკრების დატოვებამ კრიშტიანუ რონალდუ სადისციპლინო თვალსაზრისით ისეთ უპრეცედენტო სიტუაციაში ჩააყენა, როგორიც ეროვნულ გუნდში გატარებული 23 წლის განმავლობაში არ ჰქონია.

გამოცემა A BOLA-სთან ინტერვიუში, იურისტმა, გონსალუ ალმეიდამ, განმარტა პროცესი, რომელიც კრიშტიანუს ქმედებამ გამოიწვია. ეს პროცესი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო რეგლამენტის 160-ე მუხლს ეყრდნობა:

,,რონალდუ, ნაკრების დატოვების გამო, რეგლამენტის 160-ე მუხლის თანახმად, ამჟამად ეროვნულ ნაკრებს ავტომატურადაა ჩამოშორებული. სასჯელის დაწესებული ზღვარი 1-დან 6 თვემდე დისკვალიფიკაციასა და 510-დან 1020 ევრომდე ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

რონალდუს დისკვალიფიკაციის ვადა, შესაძლოა, განახევრდეს, რადგან მან ყოველგვარი დათქმის გარეშე, ღიად აღიარა ბანაკის დატოვება. საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, სასჯელი შესაძლოა შემცირდეს 15 დღემდე და 255 ევრომდე.

ავტომატური დისკვალიფიკაციის პერიოდი საბოლოო სასჯელის ვადაში ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს შანსი, რონალდუ პორტუგალიის ნაკრებს ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს დაეხმაროს.

ეროვნული ნაკრების კაპიტნის სტატუსი დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, თუმცა მას წარსულში დისციპლინური დარღვევები არ ჰქონია.'' - ამბობს ალმეიდა

იურისტმა ხაზი გაუსვა, რომ რონალდუ 20 წელზე მეტია პორტუგალიის ღირსებას იცავს და მისი ამაგი ეროვნულ გუნდში, შესაძლოა შემამსუბუქებელ გარემოებებად ჩაითვალოს. კრიშტიანუს თავის დაცვისა და მოწმეების გამოძახების უფლება ექნება. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ალმეიდა ელის, რომ კომიტეტი ამ საქმეს ძალიან მალე განიხილავს.

რონალდუმ ეროვნული ნაკრების შეკრების დატოვების შესახებ სოციალურ ქსელებში 30 სექტემბერს, დანიასთან მატჩის წინა დღეს განაცხადა, ხოლო სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში თავისი გადაწყვეტილება განმარტა და თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს ბოდიშიც მოუხადა. 41 წლის ვარსკვლავმა განცხადებაში სასჯელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კაპიტნობიდან გამომდინარე, სასჯელს შემამსუბუქებელი გარემოებები ვერ ექნება.

სხვა სტატიები