Belive

რონალდინიო: "როდესაც მესი 17 წლის იყო, ვიცოდით, რომ საუკეთესო იქნებოდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

2006 წლის ზაფხულში, ბარსელონა აშშ-ში მორიგი სეზონისთვის ემზადებოდა. ოქროს ბურთის მფლობელი და გუნდის უპირობო ლიდერი რონალდინიო, ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, თავის ძველ მეგობარს ესტუმრა.

"ძველი მეგობარი" ლეგენდარული კობი ბრაიანტია. ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელი იმ დღეს განსაკუთრებით იხსენებდა.

რონალდინიომ მითხრა: უნდა გაგაცნო ფეხბურთელი, რომელიც ერთ დღეს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გახდება. ვუპასუხე, რომ რონალდინიოზე უკეთესი არავინ იყო. თუმცა მან თქვა: ლიონელ მესი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

ეს ის პერიოდია, როდესაც მესისთვის ბარსელონას ძირითად გუნდში თამაში ახალი ხილი არაა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახალი დასრულებულია. 19 წლის მესიზე იმედს თითქმის ყველა ამყარებდა, თუმცა მისი სრული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია ცოტას თუ ჰქონდა.

რონალდინიოს მისი სჯეროდა.

ჯერ კიდევ ახალგაზრდული გუნდიდან, მე, დეკო და მთელი ბარსელონა მესის ვაკვირდებოდით, მისი თამაშების სანახავად მივდიოდით. გვქონდა მოლოდინი, რომ იგი საუკეთესო გახდებოდა.

თუ რამდენადაა მართალი რონალდინიო, ამაზე დავა არც კი შეიძლება - ლიონელ მესი ოქროს ბურთს უკვე მერვედ დაეუფლა. საინტერესოა, თუ რა გავლენა იქონია რონალდინიოს არსებობამ, მეგობრობამ, სიახლოვემ და მისმა მენტორობამ მესის წარმატებაში.

ცნობილია მოსაზრება, რომ გვარდიოლას მხრიდან, რონალდინიოს გაყიდვის მიზანი პრევენციული იყო: პეპი ბრაზილიელში საფრთხეს ხედავდა. მას მესის განვითარებაში ხელის შეშლა შეეძლო.

გვარდიოლას მიდგომა, სიმართლესთან ახლოსაა. ფორმისა და პოპულარობის პიკზე მყოფი ბრაზილიელი ვარჯიშებზე ნაკლებად იხარჯებოდა, წვეულებები და გართობა მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა, რაც მის სათამაშო ფორმაზეც აისახა.

როდესაც "ბარსელონა" პეპმა ჩაიბარა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ რონალდინიო, დეკო და ეტო'ო გუნდიდან უნდა გაეშვა. გრემ ჰანტერის წიგნში, "როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში", ასეთ რამეს ვკითხულობთ:

ბარსელონამ დაინახა, რომ ახალგაზრდა მესის, რომელზეც ზეგავლენის მოხდენა მარტივად შეიძლებოდა, უნდა ჰქონოდა ზეადამიანის მენტალობა იმისთვის, რომ მისი კუმირების გზას არ გაჰყოლოდა - ადამიანების, რომლებიც მას ისე ექცეოდნენ, როგორც ოჯახის წევრს.
- გრემ ჰანტერი

თავის მხრივ, რონალდინიო მიიჩნევს, რომ ეს მოსაზრება მცდარია.

და თუნდაც, იმ შემთხვევაში, თუკი მასში სიმართლის წილი მეტია, არ შეიძლება იმისი უარყოფა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრაზილიელმა მესის ახალგაზრდულ წლებში.

ფრანკ რაიკარდი არ ჩქარობდა. მიაჩნდა, რომ ძირითად გუნდში გადასვლამდე, მესის დრო სჭირდებოდა, თუმცა ასისტენტებმა და მოთამაშეებმა დაარწმუნეს, რომ არგენტინელი დაწინაურებას იმსახურებდა.

"მესი უცხოპლანეტელი იყო, რომელიც გვანადგურებდა", - იხსენებს ფრანგი შემტევი, ლუდოვიკ ჟული. ჰენრიკ ლარსონი კი ამბობს, რომ სანამ მესის დაინახავდა, რონალდინიოზე უკეთესი ფეხბურთელის არსებობა არც წარმოედგინა.

მესის დებიუტი 2004 წლის ოქტომბერში, "ესპანიოლთან" შედგა. მისმა გამოჩენამ დიდი ხმაური გამოიწვია, რომელსაც არა მისი მახასიათებლები, მაგალითად, ეპატაჟურობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საფეხბურთო შესაძლებლობები იწვევდა. ყველა ამბობს, რომ საოცარ ნიჭთან ერთად, მას სიჩუმე ახასიათებდა.

რონალდინიომ მასში ორივე ნიშან-თვისება ამოიკითხა. გაუჩო მესისთან დაახლოებას ცდილობდა. სურდა, რომ მესის თავი ისე ეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. გადაწყვიტა, რომ გასახდელში ადგილი მის გვერდით უნდა ჰქონოდა, პატიჟებდა ვახშმად საკუთარ სახლში და ხუმრობდა, რომ მესი ერთადერთი არგენტინელი იყო, რომელსაც ეს პრივილეგია ჰქონდა მინიჭებული.

ჩემი დებიუტი დიდ ფეხბურთში დაახლოებით იმავე ასაკში შედგა. ზუსტად ვიცი, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პროცესი, როდესაც უფროსი ადამიანებით სავსე გასახდელში ტალანტის სახელით იმკვიდრებ თავს. იმისთვის, რომ მისთვის სიმძიმე მომეხსნა, მესის ისე ვექცეოდი, როგორც ჩემს უმცროს ძმას. - რონალდინიო

ნაწილობრივ, რონალდინიოს საქციელი იმით აიხსნება, რომ მან ზუსტად იცოდა, თუ რა დონის ფეხბურთელი იყო მესი და რას მიაღწევდა იგი. იცოდა, თუ რას ნიშნავს, იყო ყველასგან გამორჩეული - ადამიანი, რომელსაც მთელი გუნდი შეჰყურებს. გენიოსს შეუძლია, სხვა ადამიანისგენიალურობა ამოიკითხოს.

ჩვენს გასახდელში, რონალდინიო წამყვანი ფიგურა იყო. ლეომ დაინახა, თუ რას ნიშნავს, იყო მთავარი".

თუმცა, მესი არ ყოფილა ერთადერთი, რომელიც რონალდინიოსგან მზრუნველობას და მეგობრულ დამოკიდებულებას იღებდა. BBC-სთან საუბრისას, მაქსი ლოპესი იხსენებს, რომ "ბარსელონაში" ტრანსფერის შემდეგ, ბრაზილიელი მასთან მივიდა და უთხრა: "რაც არ უნდა დაგჭირდეს, შენს გვერდით ვიქნები".

მთავარი რჩევა, რომელიც მესის მივეცი, შემდეგი იყო: ითამაშე სიამოვნებისთვის, ითამაშე თავისუფლად. უბრალოდ, ბურთი ფეხთან გქონდეს, დანარჩენი ბუნებრივად მოხდება. - რონალდინიო

ამ რჩევას მესი იყენებდა. ზემოთაღნიშნულ ჰანტერთან საუბრისას, ლეომ თქვა:

ყველაზე მეტად, რონალდინიოსგან იმას ვსწავლობ, რომ, უბრალოდ, თამაშისგან სიამოვნება მივიღო.

2005 წლის 1 მაისს, ეტო'ოს ნაცვლად, მოედანზე მესი გამოვიდა. თუკი ის მატჩი არ გინახავთ ან არ გახსოვთ, გეტყვით, რომ რონალდინიო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მესის გოლი გაეტანა.

90-ე წუთის შესრულებამდე, მესი ბრაზილიელისგან იდეალური პასი მიიღო და ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო. სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - თამაშგარე მდგომარეობის გამო, მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. რონალდინიო იღიმოდა.

ცოტა ხნის შემდეგ, მესიმ დეკოს გადაცემა ბურთი უხერხულად მიიღო, თუმცა მცველთან ჭიდილში, გამარჯვებული დარჩა. მოკლე პასი რონალდინიოსთან გაათამაშა, რომელმაც მორიგი შესანიშნავი გადაცემით, კვლავ ერთი-ერთზე გაიყვანა, არგენტინელმა კი, კვლავ, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. GOAL!

დღეს ეს კადრები განსაკუთრებით ემოციურია. სიხარულით ეგზალტირებული მესი გარბის, შემდეგ უცებ ტრიალდება და თვალებით რონალდინიოს ეძებს, რომელიც ლეოს მხრებზე შეისვამს. ეს კატალონიის ახალი მეფის დაბადებაა, შემცვლელის წარდგენა, კორონაციის ყველაზე მშვიდობიანი აქტი.

მისი კარიერა იმ დღიდან დაიწყო. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი მისი ისტორიის დასაწყისის მონაწილე. ეს უზომოდ ბუნებრივი პროცესი იყო, რომელიც სიხარულით მავსებდა - ვხედავდი ახალგაზრდა ადამიანს, ჩემს მეგობარს, რომელიც პირველ გატანილ გოლს ზეიმობდა. ჩემდა სასიხარულოდ, გამიმართლა, რომ საგოლე პასი მე გავაკეთე. ეს არის მოგონება, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება. - რონალდინიო

რონალდინიო მესის მენტორი და მეგობარი იყო. მათ შორის იყო ახლო, ძმური დამოკიდებულება, სადაც უფროსი უმცროსს სამყაროს შესახებ გამოცდილებას უზიარებდა. მენტორობის პროცესში კი, იყო ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი: საუკეთესოსთვის, მხოლოდ საუკეთესოს უნდა ეთქვა, თუ რას ნიშნავს, იყო საუკეთესო.

რონალდინიო და მესი ორი განსხვავებული სამყაროა. პირველს ღამის გართობა იმდენადვე კარგად გამოსდიოდა, რამდენადაც ბურთთან ურთიერთობა. მეორე კი ინტროვერტი, ვარჯიშის შემდეგ დროის ოჯახში გამტარებელი კაცია. განსხვავებულობა შეუთავსებლობას არ ნიშნავს - რონალდინიო მესისთან ერთად გატარებულ ძველ წლებს დიდი სიამოვნებით იხსენებს.

გახდებოდა თუ არა მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი რონალდინიოს გარეშე? ამ კითხვას, წესით, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს. თუმცა არც იმისი არდანახვაა სწორი, თუ რა მნიშვნელობის კვალი დატოვა ბრაზილიელმა ლეოს ცხოვრების გზაზე.

როდესაც რონალდინიო წავიდა, "ბარსელონა" უკვე მესის გუნდი იყო. პატარა ბიჭი კაცი გახდა, რონალდინიოს საქმე უკვე შეასრულა.

ჩემთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ჩემი მეგობრების მიღწევებს ვადევნებ თვალს. ეს მე ძალიან მაბედნიერებს. - რონალდინიო

მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით

სხვა სტატიები