რომა იანვარში ლუკმანის დამატებას ეცდება
„რომა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობის განახლებას გეგმავს. მადრიდის „რეალის“ დატოვებასთან ახლოს მყოფი ენდრიკი ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, რომელსაც რომაული კლუბი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.
Repubblica-ს ინფორმაციით, „რომა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის, ადემოლა ლუკმანის დამატება სურს. დიეგო სიმეონე ნიგერიელ ფეხბურთელს უკვე აღარ მიიჩნევს ძირითადის მოთამაშედ. მიმდინარე სეზონში ლუკმანმა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 15 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანეთის ჩემპიონატში მან ცხრაჯერ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ევროპულ ტურნირზე ძირითად თერთმეტეულში ჯერ არ ყოფილა.
La Roma osserva attentamente anche la situazione legata a #Lookman. Il nigeriano in forza all’Ateltico Madrid non sta giocando con continuità e l’apprezzamento da parte di #Gasperini per il giocatore non manca.@repubblica #RomaSpace #ASRoma pic.twitter.com/S1xrnhMUZH
— RomaSpace | News Roma | SV Media Enterprise (@RomaSpace_eu) November 11, 2026
ნიგერიელი ფეხბურთელი კარგად იცნობს იტალიურ ფეხბურთს და ჯან პიერო გასპერინის ხელმძღვანელობითაც უთამაშია. გასპერინის გუნდში ლუკმანს საკმაოდ სოლიდური სტატისტიკა ჰქონდა - „ატალანტას“ მაისურით მან 137 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა შეასრულა. განსაკუთრებული იყო დუბლინში გამართული ფინალი „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ, სადაც მისმა ჰეთ-თრიქმა ბერგამოელებს ევროპა ლიგის ისტორიული ტიტული მოუტანა.
Repubblica-ს ცნობით, ლუკმანს კლუბიდან წასვლა ჯერ არ მოუთხოვია, თუმცა, თუ სათამაშო დრო კვლავ შეეზღუდება, ფეხბურთელი საკუთარ მომავალზე დაფიქრდება და შესაძლო ვარიანტებს კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილავს.
ნიგერიელი შემტევის წლიური ანაზღაურება დაახლოებით 6 მილიონ ევროს შეადგენს (გადასახადების ჩათვლით), დამატებითი ბონუსებით, ხოლო მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი კი 2030 წლამდე აკავშირებს.