ჯანლუიჯი ბუფონის კარიერული მომავლის შესახებ იტალიურ მედიაში სიახლეები გაჟღერდა.
როგორც ცნობილი ხდება, 43 წლის იტალიელმა მეკარემ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების კლუბების შემოთავაზებებზე უარი თქვა და დიდი ალბათობით, სამშობლოში დარჩება.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა აღნიშნავს, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულს შემოთავაზება ჰქონდა, რომ "ბარსელონაში" მარკ ანდრე ტერ-შტეგენის შემცვლელი ყოფილიყო.
იგი მიიწვიეს პორტუგალიურმა "სპორტინგმა" და თურქულმა "ბეშიქთაშმა", ასევე მიიღო შემოთავაზებები საშუალო დონის კლუბებისგან რუსეთიდან და საბერძნეთიდან. მან უარყო ყველა ეს ვარიანტი "პარმაში" თამაშის სანაცვლოდ, სადაც მან კარიერა დაიწყო.
ბუფონი "იუვენტუსის" ფეხბურთელი 2001 წლის ივლისში გახდა , "ბებერმა ქალბატონმა", იგი 52.8 მილიონ ევროდ იტალიური "პარმადან" დაიმატა. 17 წლის განმავლობაში 9-ჯერ მოგებული სერია A-ს, 5 კოპა იტალიას, 6 იტალიის სუპერთასის შემდეგ მან "ბიანკონერი" დატოვა, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" გადაინაცვლა და ლიგა 1 და საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო, მაგრამ მოგვიანებით სეზონში, 2019 წელს, ბუფონი ტურინში დაბრუნდა და კიდევ ერთი სკუდეტო, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო. "იუვენტუსში" ჩატარებული 685 შეხვედრიდან 322-ში კარი მშრალად შეინახა.
რაც შეეხება "პარმას", იქ მან გატარებულ 7 სეზონში იტალიის თასი, სუპერთასი და უეფას თასი მოიგო, გუნდის მაისური 220-ჯერ მოირგო და აქედან 85 შემთხვევაში გოლი არ გაუშვია. ამჟამად ჯანლუიჯი ბუფონი თავისუფალი აგენტია.