როგორ გახდა ჯეიმს მილნერი პრემიერ ლიგის ყველა დროს რეკორდსმენი
ჯეიმს მილნერი პრემიერ ლიგის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა, ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ინგლისელი ფეხბურთელი PL-ის აბსოლუტური რეკორდსმენია. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო.
40 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში თავისი 654-ე შეხვედრა 21 თებერვალს, „ბრენტფორდთან“ სტუმრად მოგებულ (2:0) მატჩში ჩაატარა, სადაც „ბრაიტონის“ შემადგენლობაში 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. ამით მან გააუმჯობესა წინა რეკორდი (653 მატჩი), რომელიც „ასტონ ვილასა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილ ნახევარმცველს, მილნერის ახლო მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელს - გარეთ ბარის ეკუთვნოდა.
მილნერი ისტორიის წერას განაგრძობს. თითოეული მატჩი, რომელსაც იგი პრემიერ ლიგაში ჩაატარებს, საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება იქნება. იმასაც გაგახსენებთ, რომ მილნერი კიდევ ერთი რეკორდის მატარებელია: 2017/18 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე მან 9 საგოლე გადაცემა შეასრულა - ეს არის ის, რაც თვით ლიონელ მესიმ, კრიშტიანუ რონალდუმ, ნეიმარმა, გიგზმა, ხავიმ და სხვა გამორჩეულმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს.
მილნერის პროფესიონალური დონის კარიერა 2002 წელს, მშობლიურ კლუბში, „ლიდს იუნაიტედში“ დაიწყო. მაშინ ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო. ამას მოჰყვა „ნიუკასლში“, „ასტონ ვილასა“ და „მანჩესტერ სიტიში“ გატარებული პერიოდი, რასაც ინგლისის ნაკრებში ჩატარებული 61 მატჩიც დაემატა. 2023 წელს, „ლივერპულში“ გატარებული რვა წლის შემდეგ, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბრაიტონს“ შეუერთდა.
ამ 24 წლის განმავლობაში, მილნერი პროფესიონალიზმისა და სტაბილურობის ეტალონი იყო, თუმცა ის ისტორიული მომენტი, რომლის მომსწრენიც მიმდინარე სეზონში გავხდით, სულ რაღაც 18 თვის წინ შორეულ ოცნებას ჰგავდა. მაშინ მილნერმა „არსენალთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო.
მუხლის ოპერაციას გართულებები მოჰყვა და მოედანს თითქმის ცხრა თვით დაემშვიდობა. ოპერაციის დროს ნერვი დაუზიანდა, რის გამოც ფეხის ან თითების გამოძრავებაც არ შეეძლო. ისიც კი სათუო იყო, შეძლებდა თუ არა საერთოდ ნორმალურად სიარულს - რომ აღარაფერი ვთქვათ უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაშზე.
მილნერი "არსენალთან" მიღებული ტრავმის შემდეგ. 2024 წლის აგვისტო
გასული წლის მაისში, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, „ტოტენჰემთან“ მოგებულ (4:1) მატჩში 89-ე წუთზე შეცვლაზე შემოვიდა. ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, ის უბრალოდ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ სინამდვილეში, მილნერმა „ბრაიტონის“ ფიზიოთერაპევტ შონ დაგანთან ერთად ურთულესი გზა გამოიარა.
„რეაბილიტაციის პროცესში შონმა ჩემთან ერთად უდიდესი სამუშაო გასწია“, - განუცხადა მილნერმა The Athletic-ს. „დაახლოებით ოთხი-ხუთი თვე იყო გასული, როცა მითხრა: „იცი, მეგონა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდებოდა. შენ კი ფეხის აწევას ისევ ვერ ახერხებ...“
„გასულ წელს რთული დღეები გავიარე. დარბაზში სულ ერთსა და იგივე ვარჯიშებს ვასრულებდი. როცა ფეხს ან თითებს ვერ ატოკებ, ეს ფსიქოლოგიურად გთრგუნავს, რადგან არც იცი, შეძლებ თუ არა მოძრაობას. თუმცა, ვფიქრობ, ამ გამოწვევამ აზარტშიც კი ჩამაგდო - განსაკუთრებით იმ ადამიანების ეჭვებმა, რომლებიც ამბობდნენ: „ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან კიდევ ითამაშოს“. ცხრათვიანი პაუზის შემდეგ ტრავმიდან დაბრუნება ნებისმიერ ასაკში რთულია, ჩემს ასაკზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, ეს გამოწვევა ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. უფრო ის პროცედურები იყო დამღლელი, რომელთა გავლაც მიწევდა.
კარლოს ბალება და იანკუბა მინტე ხელში აყვანილს ატარებენ ჯეიმს მილნერს, რომელიც 2025 წლის მაისში, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ მატჩში, ცხრათვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას ზეიმობს
მიმდინარე სეზონის დასაწყისში, მილნერს ბარის რეკორდამდე სულ რაღაც 16 მატჩი აშორებდა. ნოემბერ-დეკემბერში მიღებულმა შედარებით მსუბუქმა კუნთის ტრავმამ ის ექვსი შეხვედრით ჩამოაშორა მოედანს. სხვა შემთხვევაში, ის ამ ნიშნულს კიდევ უფრო ადრე გადალახავდა.
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, მისი ყოფილი თანაგუნდელი „ლივერპულსა“ და ინგლისის ნაკრებში, რომელიც ახლა შოტლანდიურ „სელტიკში“ თამაშობს, მილნერზე ამბობს:
მილი სულ სხვა დონეა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც კი ოდესმე მითამაშია. ის ყოველთვის შეეძლო ფლანგზე თამაში, ცენტრალურ ზონაში ყოფნა, „რვიანის“ ან „ექვსიანის“ პოზიციის დაკავება და განაპირა მცველობაც კი. ბოლო რამდენიმე წელია „ბრაიტონში“ ის ძირითადად ნახევარდაცვაშია, რაც თანამედროვე პრემიერ ლიგაში ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად, ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ის კი კვლავ ღირსეულად ართმევს თავს ამ ყველაფერს. - ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი
„როცა „ლივერპულში“ გადავედი, ის 31 წლის იყო. მასთან ერთად ექვსი წელი გავატარე და ყოველთვის პირველი იყო წინასასეზონო ფიტნეს-ტესტებში. მიაღწიო იმას, რასაც მან მიაღწია პრემიერ ლიგაში, ამ ეპოქაში - ეს უკვე სხვა განზომილებაა. ის წარმოუდგენლად ჯიუტია. თუ რამეს განიზრახავს, წინ ვერაფერი დაუდგება", - დაამატა მან.
მილნერის გოლი ყოფილ კლუბთან, „მანჩესტერ სიტისთან“, 11-მეტრიანი დარტყმიდან
ამ სეზონში მილნერმა კლუბში ნათლად დააფიქსირა, რომ ბარის რეკორდის მოხსნაზე საუბარი მასთან აკრძალული იყო. სურდა, რომ ყურადღება მხოლოდ ევროტურნირების საგზურის მოპოვებაზე ყოფილიყო მიმართული - მისი მიზანი იანვრის შუა რიცხვებამდე რეალური ჩანდა, თუმცა მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და გუნდი ახლა გავარდნის ზონისგან თავის დაღწევისთვის იბრძვის.
2023 წლის ივნისში, „ლივერპულთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, „ბრაიტონმა“ მილნერი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მილნერი შეუერთდა გამოცდილ მოთამაშეთა ბირთვს - მათ შორის, ინგლისის ნაკრების ყოფილ წევრს, ახლა უკვე 35 წლის დენი უელბეკს - რათა დახმარებოდა ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდის განვითარებასა და სწორ გზაზე დაყენებაში.
„ჯეიმსმა ყველა მოლოდინი გაამართლა“, - ამბობს კლუბის აღმასრულებელი დირექტორი პოლ ბარბერი. „ის უკიდურესად მომთხოვნი პიროვნებაა, ოღონდ პოზიტიური გაგებით. აწესებს მაღალ სტანდარტს, რომელსაც თავადვე იცავს მათ და სხვებისგანაც იმავეს ითხოვს. ჯეიმსის საუკეთესო თვისება ის არის, რომ არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით. ჩვენნაირი გზის მქონე კლუბისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ის წამითაც არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და არ გაფიქრებინებს, რომ მაქსიმუმს მიაღწიე. მას ყოველთვის სჯერა, რომ განვითარების გზა კიდევ არსებობს.
გასულ ზაფხულს, შვებულებების დროს, მილნერისგან გრძელი ხმოვანი შეტყობინება მივიღე. კითხულობდა, როგორ მიდიოდა საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაციის გეგმები. ყველა ისვენებდა, ის კი მაინც კლუბზე ფიქრობდა - აინტერესებდა, რით შეძლებდა დახმარებას და შეხვედრასაც გვთავაზობდა. აი, ეს არის ჯეიმსი."
მილნერმა სარეკორდო მატჩში სპეციალურად მისთვის დამზადებული ბუცებით ითამაშა
გასულ ივნისს, მილნერმა „ბრაიტონთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. იანვარში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიან ჰიურცელერმა განაცხადა, რომ მისი დატოვება მომავალ სეზონშიც სურს.
„ის არ არის კაცი, რომელიც დანებდება ან ფეხბურთს ასე მარტივად დაემშვიდობება“, - ამბობს პოლ ბარბერი. „ვფიქრობ, მანამ ითამაშებს, სანამ დარწმუნებულია, რომ უმაღლეს დონეზე სარგებლის მოტანა შეუძლია. მას მხოლოდ ის შეაჩერებს, თუ ჩათვლის, რომ გუნდს ვეღარ ეხმარება. როდის მოხდება ეს? ვინ იცის“.
The Athletic-ის მიხედვით