Belive

რობერტ ლევანდოვსკი: "პოლონელებს არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, 2020 წლის ბოლოს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზის მიღების ემოციებზე ისაუბრა.  32 წლის პოლონელი განმარტავს, თუ რატომ გაუჭირდა მას ამ ფაქტის დაჯერება და მის სამშობლოში არსებული საფეხბურთო მენტალიტეტის შესახებ საუბრობს.
"ნება მომეცით რამდენიმე სიტყვა გითხრათ პოლონელი ხალხის შესახებ. ცერემონიის დაწყებამდე ვიცოდი, რომ მშვენიერი წელი მქონდა მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად. ვიცოდი, რომ პრიზის მოპოვება შემეძლო და ალბათ ვიმსახურებდი კიდეც, მაგრამ ჩვენ, პოლონელებს, არასრულფასოვნების კომპლექსი გვაწუხებს. ჩვენი თანამემამულეები არასოდეს არიან აღიარებულნი როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. ბავშვობაში ჩვენ არ გვყავდა სუპერვარსკვლავი, რომელსაც ეტალონად, წარმატების მწვერვალის განსაზღვრებად მივიჩნევდით. სკაუტებს ყოველთვის აქვთ მსგავსი ფრაზები: "ის საკმაოდ ნიჭიერია, პოლონელი ბავშვის კვალობაზე". ასე რომ, ჩვენ ყოველთვის გვაქვს, განცდა, რომ არავინ არ არის საკმარისად კარგი და რომ ვერავინ მიაღწევს მაღალ დონეს.

არავინ ელოდება, რომ პოლონელი ბავშვები მსოფლიოში საუკეთესოები გახდებიან. ასეთ შემთხვევას უბრალოდ არ უშვებენ. ასე რომ, არ მჯეროდა, რომ პრიზი მივიღე. მე ვიცი, რომ ხალხს ასეთი სიტყვები კლიშეებად მიაჩნია, მაგრამ მთელი ცხოვრება ნამდვილად თვალწინ მიტრიალებდა. გამახსენდა ჩემი პირველი ნაბიჯები ბურთთან, პირველი მატჩები ტალახიან მოედანზე და ყველა, ვინც დამეხმარა, რომ ვყოფილიყავი იქ, სადაც ახლა ვარ", - თქვა ლევანდოვსკიმ.
2020 წელს, გოლების პოლონელმა მანქანამ "ბაიერნთან" ერთად ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და გერმანიის სუპერთასი მოიგო. ასევე დაეუფლა უეფასა და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას და ერთპიროვნულად დაისაკუთრა ოქროს ბუცი. მიმდინარე სეზონში მას ყველა ტურნირზე 20 მატჩში 23 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს და ევროპის საუკეთესო ბომბარდირის წოდების დაცვასთანაც ახლოსაა - ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ლევანდოვსკი ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

სხვა სტატიები