Belive

რევოლუცია ფრანგულ ფეხბურთში? შესაძლოა, ლიგა 1-ის ფორმატი შეიცვალოს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თუ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ფილიპ დიალოს მიერ, ორშაბათს წარდგენილ რეფორმებს სენატი დაამტკიცებს, ფრანგულმა ფეხბურთმა უახლოეს თვეებში, შესაძლოა, რევოლუციური ცვლილებები განიცადოს.

ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებებს საკლუბო საზოგადოების შექმნის, ლიგა 1-ს არსებული სისტემის გაუქმებისა და ფეხბურთის ფედერაციის უფლებამოსილების გაძლიერების მიმართულებით.

ამ ინიციატივებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, დიდ ინტერესს გამოიწვევს - იმისათვის, რომ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში დაბრუნდეს ინტრიგა, რომელიც პსჟ-ს დომინირების გამო, ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, გამქრალია, გაჩნდა პლეი-ოფის სისტემის შექმნის იდეა, ისე, როგორც ეს Top 14-ში (სარაგბო ჩემპიონატი) ან ქალთა ლიგაშია.

ეს გულისხმობს, რომ რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონი ე.წ მინი-ტურნირის შედეგად გამოვლინდება, სადაც ერთმანეთს საუკეთესო ოთხეულის გუნდები დაუპირისპირდებიან.

როგორც L'Equipe წერს, რამდენიმე ფეხბურთელმა ახალი იდეა დადებითად მიიღო, თუმცა, ისედაც გადატვირთული კალენდრის გათვალისწინებით, გაურკვეველია, როგორი იქნება ,,პარი სენ ჟერმენის'' პოზიცია ინიციატივასთან დაკავშირებით.

სხვა სტატიები