Belive

რეალი Vs. არსენალი | სტატისტიკა, რომელიც თამაშის წინ უნდა ვიცოდეთ

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალი" საპასუხო მატჩისთვის ემზადება. ანგარიშით 0:3 წაგების შემდეგ, მადრიდული კლუბი ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებს და ურთულესი სიტუაციიდან, გამოსავლის პოვნას კიდევ ერთხელ შეეცდება.

როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, "რეალისთვის" შეუძლებელი არაფერია. "ბერნაბეუზე" გატანილმა სწრაფმა გოლმა შესაძლოა ლონდონელების გეგმები თავდაყირა დააყენოს და ამის პრევენციისთვის, "მეთოფეების" მთავარი ამოცანა საწყის წუთებში კარის მშრალად შენახვა იქნება.

"რეალის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალს" შესანიშნავი შედეგი აქვს: სამი მატჩი, 2 გამარჯვება, 1 ფრე, 4 გატანილი და არცერთი მიღებული გოლი საკუთარ კარში. "არსენალს" აქვს შანსი, გახდეს პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც "რეალის" წინააღმდეგ ზედიზედ 4 მატჩის განმავლობაში არ გაუშვებს გოლს.

ისტორია რეალის წინააღმდეგაა

პლეი-ოფის სტადიაზე, მადრიდის "რეალს" 3-ზე მეტი ბურთით სულ 5-ჯერ აქვს წაგებული (ამაში იგულისხმება ევროპის ჩემპიონთა თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფორმატები). "არსენალთან" საპასუხო მატჩამდე, ბოლო 4-დან 3 შემთხვევაში, "რეალი" ტურნირს გამოემშვიდობა. ერთადერთი მოულოდნელი "ქამბექის" შესრულება "რეალმა" შორეულ 1975/76 წლებში, "დერბი ქაუნთის" წინააღმდეგ შეძლო, როდესაც 1:4 მარცხის შემდეგ, ინგლისური კლუბის ბარიერი საერთო ანგარიშით 6:5 გადალახა.

ამავე ტურნირებზე, "რეალი" ინგლისურ კლუბებს 53-ჯერ დაუპირისპირდა და 3 ან მეტი გოლით გამარჯვება მხოლოდ 2-ჯერ შეძლო:

  1. "დერბი ქაუნთი" (5:1) | 1975/76;

  2. ტოტენჰემი (4:0) | 2010/11.

მეორე მხრივ, "რეალის" სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ 2015/16 წლების სეზონის შემდეგ, მადრიდულმა გრანდმა საკუთარ მოედანზე საპასუხო შეხვედრას 16-ჯერ უმასპინძლა და 15 შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლა. "რეალის" დამარცხება 2018/19 სეზონში, ტენ ჰაგის "აიაქსმა" შეძლო.

სხვა სტატიები