Belive

რატომ უწოდა მარადონამ ბარეზის ისტორიაში საუკეთესო მცველი?

8 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

31 ივლისს მილანმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა: 66 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა. უმძიმესია იმ დანაკარგის მასშტაბის სიტყვებით გადმოცემა, რაც ფეხბურთელმა დატოვა, რომელმაც „როსონერის“ რიგებში 20 წელი გაატარა (აქედან 15 წელი კაპიტნის სამკლავურით) და უამრავი ტიტული მოიგო.

ბარეზის დაკრძალვის ცერემონია სამშაბათს, 4 აგვისტოს, ცენტრალური ევროპის დროით 11:00 საათზე, სანტ-ამბროჯიოს ბაზილიკაში გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი და გამოსამშვიდობებელი სივრცე, სავარაუდოდ, მილანის შტაბ-ბინაში (Casa Milan) ან „სან სიროს“ მუზეუმში მოეწყობა.

მილანის მოქმედი შემადგენლობა, რომელიც ამჟამად ავსტრალიურ ტურნეში იმყოფება, დაკრძალვაზე დასწრებას ვერ შეძლებს, თუმცა ლეგენდარული კაპიტნისთვის უკანასკნელი პატივის მიგებას გულშემატკივრები, კლუბის თანამშრომლები, ყოფილი თანაგუნდელები და ძველი მეტოქეები შეძლებენ.

მის მიღწევებზე ციფრებიც თავისთავად მეტყველებს:

  • 719 ოფიციალური მატჩი

  • 6 სერია A-ს ჩემპიონის ტიტული

  • 3 ევროპის ჩემპიონთა თასი

  • 2 საკონტინენტთაშორისო თასი

  • 4 იტალიის სუპერთასი

  • 1 მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (1982 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად)

თუმცა, ამ ციფრებზე კიდევ უფრო ხმამაღლა ის ემოციური სამძიმრები და მოგონებები მეტყველებს, რომლებიც ბოლო საათებში მისი ყოფილი თანაგუნდელებისგან, მეტოქეებისა და მსოფლიოს წამყვანი კლუბებისგან უწყვეტ ნაკადად მოედინება.

ერთ-ერთი ასეთი ისტორია დიეგო მარადონას უკავშირდება, რომელმაც ბარეზისთან შეხვედრის მომენტშივე აღიარა, რომ მასზე დიდებულ მცველს არასდროს შეხვედრია. 1989 წელს, ნაპოლისა და მილანის დაპირისპირების დასრულების შემდეგ, დიეგო მარადონამ ფრანკო ბარეზის მიმართ უსაზღვრო პატივისცემა და აღფრთოვანება ღიად გამოხატა:

ეს მაისური (თამაშის შემდეგ გაუცვალა და ჩაიცვა) დიდებულ ფეხბურთელს ეკუთვნის. მიმაჩნია, რომ ფრანკო ბარეზი მსოფლიოს საუკეთესო მცველია. ამ მაისურს, როგორც უძვირფასეს მოგონებას, მთელი ცხოვრება შევინახავ.

მაგალითად, კლაუდიო ჯენტილე წიხლებითა და უხეშობით მაჩერებდა, ბარეზი კი ბურთს ფეხებიდან ისე მაცლიდა, რომ სხეულითაც კი არ მეხებოდა.

აი, ასეთია იყო ფრანკო ბარეზი - მცველი, რომლისიც ყველა თავდამსხმელს ეშინია. სწორედ იმ წამს მივხვდი, რომ ჩემ წინაშე ნამდვილად ფენომენალური ფეხბურთელი იდგა.

ეს იყო ჩემი გზა (ბარეზის მაისურის ჩაცმა), პატივი მიმეგო საუკეთესო მცველისთვის, ვის წინააღმდეგაც კი კარიერაში ოდესმე მითამაშია.

- დიეგო მარადონას სიტყვები მილანთან თამაშის შემდეგ/ასევე მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან

სხვათაშორის, მარადონა ბარეზისთან შეხვედრამდე აგდებულ კომენტარებს აკეთებდა: ბარეზი? ვინ არის ბარეზი? მივალ და ჭკუას ვასწავლი!“ - იხსენებდა დიეგო თავდაპირველ განწყობას.

საბოლოოდ, ფეხბურთელების სიდიადეს (ტიტულებზე მეტად) ის განსაზღვრავს, თუ რამდენად გამორჩეულად მიაჩნიხარ მოწინააღმდეგეს, თანაგუნდელს და მაყურებელს - მილანის უკვდავი 6-იანი სწორედ იმ ფეხბურთელთა რიცხვშია, ვისი სახელიც ფეხბურთთან ერთად იცოცხლებს.

სხვა სტატიები