Belive

რატომ წავიდა ჰენდერსონი არაბეთში? | ლივერპულის კაპიტნის განმარტება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სხვა ბევრი საფეხბურთო ვარსკვლავის მსგავსად, ჯორდან ჰენდერსონმაც კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელა. ამ მოულოდნელი ტრანსფერის შესახებ, "ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა განმარტება პირველად გააკეთა და როგორც ირკვევა, ის მისი არჩევანი არ ყოფილა.

ჰენდერსონი ზაფხულში "ალ-იტიფაქს" შეუერთდა, რომლის მთავარი მწვრთნელი, ასევე "ლივერპულის" ყოფილი კაპიტანი და ლეგენდარული ფეხბურთელი, სტივენ ჯერარდია.

The Athletic-თან საუბრისას, ჰენდერსონმა ღიად ისაუბრა იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც 12-წლიანი კარიერის შემდეგ, გუნდში იგრძნო.

 

იურგენ კლოპთან შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს. ის გულახდილი ადამიანია. არ მინდა, მასთან საუბრის ყველა დეტალი მოვყვე, რადგან ეს მაინც პირადულია. თუმცა ჩემთვის გასაგები გახდა, რომ მომდევნო სეზონში მოედანზე გაცილებით ნაკლებ დროს გავატარებდი.

თუკი არ ვითამაშებ, ყველამ და განსაკუთრებით, მთავარმა მწვრთნელმა იცის, რომ ეს ჩემთვის ძალიან რთული იქნება. მითუმეტეს, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ გუნდში უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი და მისი კაპიტანი ვიყავი. ჩემთვის ინგლისის ნაკრებიც უმნიშვნელოვანესია, წინ ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება.

შემდეგ, "ალ-იტიფაქი" დამიკავშირდა. აინტერესებდათ, შემეძლო თუ არა კარიერის არაბეთში გაგრძელება. "ლივერპულის" რეაქციით მივხვდი, რომ უარი არ უნდა მეთქვა. ბევრი რამ შეიცვალა. ვიცოდი, რომ ეს დრო დადგებოდა, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ეს ახლა უნდა მომხდარიყო.

იურგენთან და კლუბის მფლობელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს და ეს არ შეიცვლება. გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენ ერთად ბევრს მივაღწიეთ. თუმცა, ამავე დროს, ახალი რეალობის მიღება გამიჭირდა.

რომელიმე მათგანს მაინც რომ ეთქვა, "გვინდა, კლუბში დარჩეო", დღეს ამ თემაზე აღარ ვისაუბრებდით. პირდაპირ კარისკენ არავის მიუთითებია, მაგრამ ჩემი დარჩენის სურვილიც არავის გამოუხატავს. - ჯორდან ჰენდერსონი

და მაინც, რატომ გადავიდა საუდის არაბეთში სათამაშოდ?

ჰენდერსონის საუდის არაბეთში გადასვლა ფეხბურთის ბევრმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა. მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მრავალმილიონიანი კონტრაქტის სანაცვლოდ, დაბალი რანგის ჩემპიონატში თამაში ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა.

ჰენდერსონის თქმით, მისი არჩევანის მიზეზი იყო ის, რომ მისი შეძენა არცთუ ბევრ კლუბს სურდა. ამასთან ერთად, ინგლისელ ნახევარმცველს, "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაში არ სურდა.

"ცნობილი იყო, რომ "ლივერპულს" დავტოვებდი. სიამოვნებით ვიტყოდი, რომ ჩემი შეძენა ბევრ კლუბს სურდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. 

ლივერპული არის ქალაქი, სადაც ჩემი შვილები დაიბადნენ. აქ ძალიან ბევრს მივაღწიე. მიყვარს ეს კლუბი, მისი გულშემატკივარი. "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ძალიან რთული გამოწვევა იქნებოდა, ეს არ არის ის, რასაც სწორად მივიჩნევ".

მაშინ, როდესაც მისი დარჩენა "ლივერპულში" აღარ სურდათ, სტივენ ჯერარდის გუნდმა მას საპირისპირო დამოკიდებულება დაანახა.

 

სულ სხვა ლიგაში თამაში, სხვა კულტურაში ცხოვრება - ეს რაღაც სრულიად განსხვავებული იყო. სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცისგან სურვილს გრძნობ. ვიცოდი, რომ სტივის ჩემი დამატება სურდა. ასევე ვიცოდი, რომ "ალ-იტიფაქის" ხელმძღვანელობას, ჯერარდთან და ჩემთან ერთად, მომავლის კლუბის აწყობა სურს. -

აქვე გეტყვით, რომ ჰენდერსონმა "ალ-იტიფაქის" შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა და 2 ასისტი მიითვალა. მასთან ერთად, ზაფხულში გუნდს ჟორჟინიო ვეინალდუმი და მუსა დემბელე შეუერთდნენ.

სხვა სტატიები