Belive

რატომ გავიდა დანია მეორე ადგილზე, სლოვენია კი მესამეზე?

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევრო 2024-ის C ჯგუფის ბოლო ტურის მატჩებში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. დანიამ მეორე ადგილით ავტომატურად გაინაღდა პლეი ოფის საგზური, სლოვენიამ კი ეს მესამე ადგილიდან შეძლო. დანიელებმა სერბეთთან 0:0 ითამაშეს და ქულა მოიპოვეს, იმავე ანგარიშით დასრულდა ინგლისისა და სლოვენიის შეხვედრაც. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ხარისხის კუთხით დიდი ინტერესი არცერთმა თამაშმა არ გამოიწვია, შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა პლეი ოფის საგზურის მაძიებლებისთვის.

ინგლისის ფრე ნიშნავს, რომ ის 5 ქულით, უპირობოდ, პირველი ადგილიდან გავიდა 1/16 ფინალში. რაც შეეხება დანიასა და სლოვენიას, აქ საქმე უფრო რთულად იყო, რადგან გუნდების მაჩვენებლები უამრავ კომპონენტში დაემთხვა ერთმანეთს. ორივე გუნდმა სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულა და 3 ქულა მოიპოვა - ეს იმას ნიშნავს, რომ გაშვებული და გატანილი ბურთების ბალანსიც ერთნაირი აქვთ. შემდეგი კომპონენტი, რომლის მიხედვითაც UEFA ხელმძღვანელობს, საკუთარ კარში მიღებული ბურთების რაოდენობაა, თუმცა ეს საზომიც ვერ გამოდგა, რადგან ორივე გუნდმა 2 გოლი გაუშვა. შემდეგი ყვითელი ბარათების რაოდენობაა - გასაკვირია, მაგრამ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა, ჯგუფურ ეტაპზე, ერთნაირი რაოდენობის ბარათები დაიმსახურეს.

როგორც ჟურნალისტმა, უილ ჯინესმა განაცხადა, დანიამ მეორე ადგილი მხოლოდ იმიტომ დაიკავა, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ რეიტინგში უფრო მაღალი პოზიცია ჰქონდა. კიდევ ერთი დამთხვევა ისაა, რომ დანია და სლოვენია რეალურად ერთსა და იმავე საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდნენ და ორივემ შესარჩევი ეტაპი 22 ქულით დაასრულა. ძალიან ახლოს იყო მათი გოლების ბალანსის მაჩვენებელიც - დანიამ 19 გოლი გაიტანა და 10 გაუშვა (+9), ხოლო სლოვენიელებმა 20 გაიტანეს და 9 გაუშვეს (+11). მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიას ეს შედეგი უკეთესი ჰქონდა, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, სადაც დანიამ ორი ჩატარებული მატჩიდან ერთი მოიგო, ერთი კი ფრედ ითამაშა.

სხვა სტატიები