ზუსტად 9 წლის წინ 27 ივნისს რაფაელ ვარანი მადრიდის "რეალის" წევრი გახდა.
ფრანგი ფეხბურთელი 1993 წლის 25 აპრილს საფრანგეთში, ქალაქ ლილში დაიბადა.
ვარანს ფეხბურთი პატარაობიდანვე იზიდავდა. 9 წლის ასაკში ფრანგი კლუბ "ლენსში" ჩაირიცხა და სწორედ იქ გადადგა პირველი საფეხბურთო ნაბიჯები.
2010 წელს, 17 წლის ასაკში ვარანმა პირველი პროფესიონალური მატჩი "მონპელიეს" წინააღმდეგ გამართა. ხსენებულ სეზონში რაფაელმა 24 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ფრანგი ფეხბურთელით არც მეტი, არც ნაკლები თავად ზინედინ ზიდანი დაინტერესდა და მადრიდის "რეალს" მისი შეძენა ურჩია. ფლორენტინო პერესმა მოიწონა ზიდანის არჩევანი და ვარანი 2011 წელს "სამეფო კლუბს" შეუერთდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაფაელს თავად ზიდანმა შესთავაზა "მერენგების" რიგებში გადასვლა.
პირველ სეზონში ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. მისი დებიუტი 2011 წლის 21 სექტემბერს "რასინგის" წინააღმდეგ შედგა, სადაც "რეალმა" ფრედ 0:0 ითამაშა. იმ დროს ვარანი 18 წლის 4 თვისა და 27 დღის გახლდათ. სადებიუტო სეზონში ვარანმა ლა ლიგის მოგება შეძლო.
საფეხბურთო ექსპერტები მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
2011/2012 წლის სეზონში რაფაელმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა, რაც იმ ხანად უდიდესი კონკურენციის ფონზე ნამდვილი მიღწევა გახლდათ. როგორც მოგეხსენებათ "სამეფო კლუბის" ძირითადი დაცვის ცენტრი პეპეს და რამოსს ეკავა, ხოლო მათ, შემადგენლობაში ადგილისთვის რიკარდო კარვალიო ებრძოდა.
2012/2013 წლის სეზონი - რაფაელ ვარანი საოცარ პროგრესს განაგრძობს. ყველას კარგად ახსოვს მისი შესანიშნავი პერფორმანსი "კოპა დელ რეის" ეგიდით "ბარსელონას" წინააღმდეგ. ვარანმა ორივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.
იმავე სეზონში პეპეს ტრავმის გამო ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვარანმა დაიკავა და დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. ჯამში ფრანგმა 33 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სამწუხაროდ ხსენებულ სეზონში "რეალი" უტიტულოდ დარჩა.
2013/2014 წლის სეზონი - გუნდმა ჟოზე მოურინიო დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად კარლო ანჩელოტი დანიშნა. იტალიელი სპეციალისტი სათამაშო წუთებს მაქსიმალურად უნაწილებდა ვარანს და პეპეს. გულშემატკივრების უმეტეს ნაწილს, სწორედ ფრანგის ხილვა სურდა ძირითად შემადგენლობაში. ყველა ხვდებოდა, რომ მომავალი წლების განმავლობაში რაფაელი "ბლანკოსისთვის" შეუცვლელი ფიგურა იქნებოდა. ვარანმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და პეპეს ტრავმის გამო მას ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ 120 წუთის თამაში მოუწია. შეხვედრა "რეალმა" 4:1 მოიგო და ნანატრ ტიტულს დაეუფლა. იმავე წელს ანჩელოტის გუნდმა "კოპა დელ რეის" მოგებაც შეძლო, სადაც "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა. ფინალში რაფაელი მხოლოდ 90-ე წუთზე შევიდა.
იმ სეზონში ფრანგმა 23 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. პეპემ კი 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა
2014/2015 წლის ზაფხულში რაფაელით არაერთი მსოფლიოს გრანდი ინტერესდებოდა და ბევრი იწერებოდა მისი კლუბის შეცვლის შესახებ, რადგან ვარანი სათამაშო წუთებით უკმაყოფილო იყო. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, წინა სეზონში რაფაელმა მხოლოდ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახალ სეზონში კი ვითარება იცვლება. პეპემ 38 მატჩი ჩაატარა, ხოლო ვარანმა 46 და 2 გოლის გატანაც მოახერხა. სამწუხაროდ ხსენებულ სეზონში "ბლანკოსი"კვლავ უტიტულოდ დარჩა.
2015/2016 წლის სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი ტრავმებმა შეაწუხა და სეზონში მხოლოდ 33 მატჩის ჩატარება შეძლო.
კლუბში მთავარ მწვრთნელად კი ზიდანი მოვიდა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ რაფაელ ვარანი ზიდანის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი ფეხბურთელია.
2016 წელს ვარანი 23 წლის გახლდათ და მეორედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ფინალში კვლავ "ატლეტიკო" შეხვდა "სამეფო კლუბს" და პენალტების სერიაში 5:3 გაიმარჯვა. ძირითადი დრო კი 1:1 დასრულდა. სამწუხაროდ ტრავმის გამო რაფაელი განაცხადშიც კი არ იმყოფებოდა.
იმავე წელს ევროპის ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ მოგება ვერ შეძლო. პორტუგალიამ ფრანგები დამატებით დროში 0:1 დაამარცხა.
2016/2017 წლის სეზონში ვარანი "ბლანკოსის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და სწორედ ის ითვლებოდა რამოსის მთავარ მეწყვილედ. ფრანგი ფეხბურთელისთვის და მთლიანად მადრიდის "რეალისთვის" ის სეზონი უნიკალური აღმოჩნდა. მადრიდელებმა ერთდროულად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლეს, სადაც ვარანი ყველგან გამორჩეული იყო.
ხსენებულ სეზონში ფრანგმა 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.
2017/2018 წლის სეზონი ვარანის კარიერაში საუკეთესოდ ითვლება, რადგან ფრანგმა ისევ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ამავდროულად მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც 25 წლის ასაკში. ვარანი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ასე მალე მოახერხა 4 ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2017 წლის ზაფხულში კლუბი პეპემ დატოვა და რაფაელის ერთადერთი შემცვლელი ნაჩო ფერნანდესი გახლდათ.
44 ჩატარებული შეხვედრა. ასეთი გახლავთ ფრანგის სტატისტიკა 2017/2018 წლის სეზონში.
2018/2019 წლის სეზონი ვარანისთვის და მადრიდის "რეალისთვის" წარუმატებელი გამოდგა. კლუბი ზინედინ ზიდანმა და რონალდუმ დატოვა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი ლოპეტეგი დაინიშნა. "სამეფო კლუბმა" ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო და თამაშის ხარისხიც სულ უფრო ფუჭდებოდა.
მიუხადავად ამისა, ვარანმა 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პეპეს წასვლის შემდეგ რაფაელი მადრიდელთა მე-4 კაპიტანი გახდა.
2019/2020 წლის სეზონი - გუნდში მთავარ მწვრთნელად კვლავ ზინედინ ზიდანი დაბრუნდა და "რეალის" გულშემატკივრებს იმედი ჩაესახათ, რომ კლუბი მწვერვალებს ისევ დაიპყრობს.
ჯერჯერობით სეზონი არ დასრულებულა და "ბლანკოსს" ლა ლიგის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, შანსი მცირეა რადგან პირველ მერვედფინალურ დაპირისპირებაში გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" ბერნაბეუზე "რეალი" 1:2 დაამარცხა.
ვარანს კი ამ სეზონში 37 მატჩი დაუგროვდა, სადაც 3 გოლის გატანა მოახერხა.
9 წლის განმავლობაში ფრანგმა ფეხბურთელმა აბსოლტურად ყველა საკლუბო ტურნირის მოგება შეძლო, რომლის მოგებაც „ბლანკოსთან“ ერთად შეიძლებოდა.
ჩემპიონთა ლიგის 4 თასი, ასევე 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3 ევროპის სუპერთასი, 2 ლა ლიგა, 1 სამეფო თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.
რაფაელ ვარანს "სამეფო კლუბის" რიგებში 313 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. დღევანდელი "რეალის" მოქმედ ფეხბურთელებში რამოსის, ბენზემას და მარსელოს შემდეგ, სწორედ ფრანგს აქვს ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული.