Belive

რამდენიმე საათი ტრანსფერამდე - ლუკაკუ და ნაპოლი თითქმის გადაწყვეტილია

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლიმ" სერია A-ს 2024/25 წლების გათამაშება საშინლად დაიწყო - გუნდი სტუმრად, "ვერონასთან" 3:0 განადგურდა. თამამად შეიძლება ითქვას რომ ნეაპოლელთა ერთადერთი ნათელი წერტილი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომლის იძულებითი შეცვლის შემდეგ "ნაპოლის" ღირებული არაფერი შეუქმნია.

კლუბს ფორვარდის პრობლემა აქვს - ვიქტორ ოსიმენი ოფიციალურად "ნაპოლის" ფეხბურთელად ირიცხება, თუმცა მას კლუბიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი და არ სურს "ნაპოლის" მაისურის ხელახლა მორგება, სწორედ ამის გამო, ნიგერიელი ფორვარდი ნეაპოლური კლუბის განაცხადში ვერ ხვდება.

"ნაპოლის" ცუდი სტარტისა და უფორვარდობის ფონზე, იტალიურ მედიაში ირწმუნებიან, რომ "ნაპოლიმ" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე, "ჩელსის" ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა, ლონდონური კლუბისთვის კი ლუკაკუს გაყიდვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ლონდონურმა გრანდმაც გადაწყვიტა საკითხის მოგვარება, რადგან მათ კარგად იციან, რომ ლუკაკუ ლონდონში არ დარჩება და სწორედ ამიტომ, "ჩელსის" მესვეურებმა ფეხბურთელს შესაძლებლობა მისცეს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღოს. საბოლოოდ, რომელუ ლუკაკუ არასოდეს ყოფილა ასე ახლოს "ნაპოლიში" გადასვლასთან.

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუ ნეაპოლში მაქსიმუმ 2-3 დღის განმავლობაში ჩაფრინდება და კლუბთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიში" გადასვლის შემთხვევაში, რომელუ ლუკაკუსთვის ნეაპოლური კლუბი მესამე გუნდი იქნება იტალიაში, რომელშიც ბელგიელი ფორვარდი ითამაშებს.

ლუკაკუმ სერია A-ში თამაშის პირველი გამოცდილება 2019-2021 წლებში მიიღო, როდესაც იგი "ინტერის" ღირსებას იცავდა, სადაც 72 ჩატარებულ მატჩში 47 გოლის გატანა შეძლო.

ბოლოს კი, ლუკაკუ "რომაში" ირიცხებოდა. დედაქალაქურ კლუბში, 31 წლის ბელგიერის სტატისტიკა შემდეგი იყო - 32 მატჩი, 13 გატანილი გოლი.

სხვა სტატიები