Belive

რამაზ სვანაძე: "საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს - ლუკა გაგნიძეს ამ თემაზე ვესაუბრეთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ სექტემბრის თვეში გასამართი ორი ამხანაგური მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა და დასახელებულ შემადგენლობაზე ისაუბრა.

"დიდი დრო აღარ დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე და ვცდილობთ, რომ ის რესურსი რაც ჩვენ ხელშია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინ ორი რთული, თუმცა ამავე დროს საინტერესო თამაში გველოდება, პირველი მატჩი გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების ფინალისტი და კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ, რადგან ასეთ მატჩებში ჩანს ის თუ რეალურად სად ვიმყოფებით, ჩანს ჩვენი ძალა და ის მინუსები, რომლებზეც შემდგომ გვექნება სამუშაო. ასევე რთულ თამაშს ველოდებით თურქეთში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ აქცენტი უნდა გვქონდეს პორტუგალიასთან მატჩზე.

რაც შეეხება მზადების პროცესს, ის რაც აქამდე დავგეგმეთ ნორმალურად შესრულდა ყველაფერი და ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენ წარსულში არ ვიყურებით და მუდამ მზად უნდა ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის. დღეს, გუნდში გვყავს ახალწვეული - გიორგი კვერნაძის სახით, რომელსაც ჯერ კიდევ 19-წლამდე ნაკრებიდან ვადევნებთ თვალს. მას აქვს პროგრესი და ნამდვილად დაიმსახურა ის შანსი რომელსაც მიიღებს, დანარჩენი უკვე მასზე იქნება დამოკიდებული.

სელექციის კუთხით გვაქვს პრობლემები რამდენიმე პოზიციაზე. ვისურვებდი მეტ კონკურენციას და ვისურვებდი, რომ რამდენიმე ფეხბურთელს კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ზოგადად სელექციის კუთხით ცოტა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, რადგან ეს არ არის მზადება მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩისთვის, ჩვენ ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის და არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ტურნირის ჭრილში აღვიქვამთ და როდესაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ვახსენებ, სწორედ მათ მოვიაზრებ. რადგან მომავალში მათი გვეიმედება, სწორედ ამიტომ ისინი ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება დიდხანს. ნებისმიერმა ფეხბურთელმა პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ კლუბში ჰქონდეს პრაქტიკა და შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში.

ასევე, მინდა შევეხო ლუკა გაგნიძის თემას. პირველი და რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ჩვენი, ამ შემთხვევაში პირადად ჩემი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არამარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ. ეს არის ჩვენი მყარი და ურყევი პოზიცია. თვითონ სპორტულ მიმართულებას რაც შეეხება, იგივე ლუკასთან მიმართებაში, ის არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არამარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს, ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია, ამიტომ მან იცის ჩვენი პოზიცია, მან იცის ჩვენი მიდგომის შესახებ ამ საკითხის მიმართ, ჩვენ მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი, ის რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის", - თქვა რამაზ სვანაძემ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კალენდარი სექტემბრის თვეში:

24 სექტემბერი – პორტუგალია V საქართველო

27 სექტემბერი – თურქეთი V საქართველო

სხვა სტატიები