Belive

რამაზ სვანაძე: "მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩვენი ნაკრების მთავარი მიღწევა ეს არის"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის განცხადება გაავრცელა.

"ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც განვლილი დღეების მანძილზე მხარი დაგვიჭირა, იქნებოდა ეს სტადიონზე, თუ მის ფარგლებს გარეთ. გამარჯვების და მარცხის შემდეგ ერთნაირად ვგრძნობდით თქვენ სიყვარულს - ვთვლით, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი შედეგიც ალბათ ეს არის.

მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ ასეთი დონის საფეხბურთო ფორუმზე ჩვენი თავის, ჩვენი თამაშის და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა მოგვცა. მადლობა გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებს და მთლიანად პერსონალს, რომელთა დაუღალავი შრომის გარეშეც აქამდე ვერ მოვიდოდით.

და ბოლოს, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - ამ თაობის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ. ამ ბიჭებს ყველაფერი წინ აქვთ, მათთვის ყველაფერი ახლა იწყება და მე დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თვითრწმენით და ნებისმიერი კონტექსტისა თუ წინაღობის მიუხედავად, ფეხბურთის საოცრად თამაშის უნარით, ისინი კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ", - თქვა რამაზ სვანაძემ.

მას შემდეგ, რაც ევროპის 2023 ჩემპიონატის პლეი-ოფის დამატებითი მატჩის ჩატარება საჭირო აღარ გახდა, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა აღნიშნული შემადგენლობით გამოსვლა დაასრულა. ახალგაზრდული ნაკრები სექტემბერში შეიკრიბება და 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება, სადაც შვედეთის, ნიდერლანდების, მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიის და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ფოტო: ეროვნული ნაკრები

სხვა სტატიები