Belive

რალფ რანგნიკი: „ჩემი მწვრთნელობის პერიოდში საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრებთან მატჩის წინ მედიის წინაშე ავსტრიელთა მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი წარსდგა. გამოცდილმა სპეციალისტმა მეტოქე დაახასიათა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ამბიციების დასამტკიცებლად ყველაფერს გააკეთებს.

ავსტრიელთა თავკაცი მიიჩნევს, რომ არგენტინასთან დაპირისპირება იქნება ნამდვილი ტესტი იმის შესამოწმებლად, თუ რა დონის გუნდია დღეს ავსტრია.

როდესაც ჟურნალისტებმა რანგნიკს „ალბისელესტეს“ პლუს-მინუსებზე ჰკითხეს, მან პირდაპირ თქვა, რომ მეტოქის ბანაკში ხარვეზების პოვნა თითქმის შეუძლებელია.

„მოდით, სუსტი წერტილებით დავიწყებ, რადგან მათი ჩამოთვლა ბევრად უფრო სწრაფად შეიძლება. არგენტინის ნაკრებში მინუსები საერთოდ ვერ ვიპოვეთ, ან ისინი უბრალოდ არ არსებობს. რაც შეეხება მათ ინდივიდუალურ სიძლიერეს, აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა დაკომპლექტებული. მათ რიგებში თამაშობს საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც კი ოდესმე ეს სპორტი უთამაშია.

ეს არის გუნდი, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა, თუმცა ამას მხოლოდ საკუთარ ნახევარზე, უაზროდ არ აკეთებენ. ისინი ცდილობენ ძალიან სწრაფად, ვერტიკალურად ითამაშონ და ხანდახან გრძელი პასებიც გამოიყენონ. ჩვენი გუნდი ამისთვისაც მოვამზადეთ.

ხვალ უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ. ეს ნიშნავს, რომ უმაღლეს ტაქტიკურ დონეზე უნდა ვითამაშოთ. ამასთანავე, ენერგიისა და სიმამაცის თვალსაზრისით, მაქსიმუმს მივაღწიოთ.

შესაძლოა, ხვალ მოგვიწიოს ისეთი ფანტასტიკური თამაშის ჩვენება, როგორიც ავსტრიის ნაკრებში ჩემი მწვრთნელობის პერიოდში ჯერ საერთოდ არ გვქონია“. - რალფ რანგნიკი

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ნაკრები მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს 22 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ჯგუფში ორივე გუნდმა პირველი მატჩები მოიგეს, ხვალინდელი მატჩი კი გაარკვევს, თუ რომელი გუნდი მოიპოვებს პლეი-ოფის საგზურს პირველი.

სხვა სტატიები