Belive

რაიან შერკი: "ჩვენ დღეს ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ ნაკრებთან მზად ვართ ომისთვის"

21 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა პარაგვაის ნაკრები და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით კილიან მბაპემ გაიტანა. ამ წარმატებით ფრანგების ლიდერი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის სათავეში მოექცა - მას და ლიონელ მესის აქტივში 7-7 გატანილი გოლი აქვთ და ოქროს ბუცის მთავარ პრეტენდენტებად გვევლინებიან.

ეს შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და სკანდალურ მატჩად შეფასდეს, რისი მიზეზიც მოედანზე გადამეტებული უხეშობა და არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებები გახდა. პარაგვაელი ფეხბურთელები მოედანზე საფეხბურთო მატჩის ნაცვლად, პირდაპირი გაგებით, MMA-ის ორთაბრძოლას მართავდნენ და ფრანგებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მიუხედავად ამისა, მატჩის მთავარმა მსაჯმა, უზბეკმა ილგიზ ტანტაშევმა, პარაგვაელთა აგრესიას თვალი დახუჭა და შეხვედრაში მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა - სამივე ფრანგი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რაც ნამდვილად კომიკურია.

მატჩის დასრულების შემდეგ, ძალიან ემოციური კომენტარები გააკეთეს ფრანგმა ფეხბურთელებმა, გამონაკლისი არც რაიან შერკი იყო.

"გამარჯვებით ბედნიერები ვართ და გვიხარია, რომ მუნდიალის ტიტულს კიდევ უფრო ვუახლოვდებით.

ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ძალიან რთული მატჩი გამოდგა, რადგან ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი ყველაფერს აკეთებს და თანაც ფიზიკურადაც ძალადობს, მას პასუხი არ დაუბრუნო, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პასუხი მხოლოდ საქმით დაგვებრუნებინა და ასეც მოხდა.

ერთ რამეს ვიტყვი - დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, ვისაც ჩვენს წინააღმდეგ ომი სურს... რომ ჩვენც მზად ვართ ომისთვის“. - რაიან შერკი

ფრანგები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ პარაგვაელების არასპორტულ საქციელებს არ აჰყოლოდნენ.

საფრანგეთმა მძიმე და ფიზიკურად დამღლელ ბრძოლაში ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. მსაჯის მხრიდან აშკარა არათანმიმდევრული მსაჯობისა და მეტოქის აგრესიული ქმედებების მიუხედავად, დეშამის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ახლა უკვე ტურნირის 1/4-ფინალში გავიდნენ.

1/4-ფინალში ფრანგების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება - მატჩი 10 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები