რაიან რეინოლდსი ამბობს, რომ ბეილის გადმობირებას სერიოზულად განიხილავს
როგორც იცით, ცნობილი მსახიობი რაიან რეინოლდსი საფეხბურთო კლუბ “რექსჰემის" მფლობელია. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს მის გუნდში გარეთ ბეილის გადმობირება სურს. ეს ყველას არასერიოზული ამბავი ეგონა, სანამ თავად მსახიობმა არ განაცხადა, რომ ბეილის გადმობირებას სერიოზულად გეგმავს.
"ჩვენ მის ტრანსფერს სრულიად სერიოზულად ვუყურებთ. არ ვიცი თავად გარეთს როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფერზე. მან ძალიან ბევრი გაიღო იმ სპორტისთვის, რომელიც ძალიან უყვარს. მომწონს, რომ შეგვიძლია ისეთი საქმეების კეთება, რომელიც ყოველგვარ ჩარჩოს სცდება." - განაცხადა რეინოლდსმა S4C-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ უელსისა და “რეალის” ლეგენდამ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თავის ბრწყინვალე კარიერა დაასრულა. ცოტა ხნის წინ კი მან სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც იგი "რექსჰემს" ეროვნული ლიგის მოგებასა და ლიგა 2-ში დაწინაურებას ულოცავდა.
საპასუხოდ, მაკელჰენიმ, გუნდის თანამფლობელმა, 33 წლის ფეხბურთელი გოლფის სათამაშოდ მიიწვია, ამის ერთ-ერთი მიზანი კი გარეთ ბეილის კლუბში გადმობირება იყო.
“გარეთ, მოდი ვითამაშოთ გოლფი, სადაც მე დავხარჯავ 4 საათს იმისათვის, რომ დაგარწმუნოთ, რომ პენსიაზე გასვლა ჯერჯერობით ადრეა და შენ 1 სეზონის თამაში კვლავ შეგიძლია…” – რობ მაკელჰენი.