Belive

რა თანხა გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროტურნირების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე?

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას ევროპული ტურნირების 2022/23 წლების სეზონი ივლისის თვეში დაიწყო და პირველ საკვალიფიკაციო ეტაპებზე ქართულმა გუნდებმა უკვე იასპარეზეს. სამწუხაროდ, მიმდინარე ევროსეზონი ორი ქართული კლუბისთვის უკვე დასრულდა, ესენი "დინამო თბილისი" და გორის "დილა" არიან, რომლებმაც წინა სეზონში საქართველოს ეროვნულ ლიგაში შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციები დაიკავეს, უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლას კი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშნენ. რაც შეეხება ქვეყნის ჩემპიონ "დინამო ბათუმს" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედ გამარჯვებულ "საბურთალოს" ისინი რანგით მესამე ევროპული ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. ქართული ფეხბურთისთვის საერთაშორისო სარბიელს სპორტულის გარდა, განსაკუთრებული ფინანსური მნიშვნელობაც აქვს, რადგანაც კლუბების უმეტესობისთვის სპონსორების ნაკლებობის და ფინანსური არასტაბილურობის ფონზე უეფასგან მიღებული თანხა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში დიდ როლს თამაშობს. ამრიგად, საინტერესოა, თუ რა რაოდენობის თანხა გამოიმუშავეს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ ქართულმა კლუბებმა. "დინამო ბათუმი" უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 1:2 (0:0, 0:0 - 1:2 დ.დ.) დამარცხდა, რის შემდეგაც, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პირველ ეტაპზე მონაწილეობის გამო 300 000 ევრო უნდა მიიღოს. ამას უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის მიღების გამო გარანტირებული 350 000 ევრო უნდა დაემატოს, რაც საერთო ჯამში 650 000 ევროს (1 926 823 ლარს) შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ აჭარული კლუბი პოზნანის "ლეხის" ბარიერის დაძლევას შეძლებს და მესამე ეტაპის საგზურს მოიპოვებს, მაშინ მათ გარანტირებული 200 000 ევრო (592 903 ლარი) დაემატებათ. გარდა გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდისა, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოც" ითამაშებს, რომელმაც პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის გამო, 150 000 ევრო გაინაღდა(444 580 ლარი). რაც შეეხებათ "დინამო თბილისს" (ესტონური "პაიდეს" წინააღმდეგ 2:3, 2:1, 5:6 პ. დამარცხდა) და გორის "დილას" (ფინური "კუპსის" წინააღმდეგ - 2:0, 0:0 დამარცხდა), მათ პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი 150 000 ევრო მიიღეს. პირველ მატჩს "დინამო ბათუმი" 21 ივლისს პოზნანის "ლეხთან" პოლონეთში, სტუმრად, ხოლო "საბურთალო" ბუქარესტის "სტიაუასთან" ერთი დღით ადრე, საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები