"კვლავ საკვანძო მოთამაშეა" - პორტუგალიის ფედერაციის პრეზიდენტი კრიშტიანუს დაბრუნებას ელის
ვეტერანი პორტუგალიელი მსაჯი და ამჟამად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პედრო პროენსა ნაკრების კაპიტნის, კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ სურს, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის მაისური ისევ მოირგოს.
"ჩვენ ვიმყოფებით იმ ყველაზე დიდი საგანძურის სახლში, რომელიც კი ოდესმე პორტუგალიურ ფეხბურთს შეუქმნია: კრიშტიანუ რონალდუ, ჩვენი კაპიტანი. ჩვენი კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ, ის კვლავ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია", - ამბობს პედრო პროენსა.
ფედერაციის ხელმძღვანელმა დაამატა, რომ ოპტიმიზმით უყურებს 5 ოქროს ბურთის მფლობელსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟეზუსს შორის არსებული გაუგებრობის მოგვარების პერსპექტივებს.
კონფლიქტი უახლესი საერთაშორისო პაუზის დროს აფეთქდა, როდესაც 41 წლის თავდამსხმელმა სანაკრებო შეკრება თვითნებურად დატოვა მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილების გამო. ამის მერე მალევე რონალდუმ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ჟეზუსი პირობის დარღვევაში დაადანაშაულა.
იმავდროულად, რონალდუმ თქვა, რომ მზადაა მიიღოს ნებისმიერი დისციპლინური სანქცია, მაგრამ მაინც ესწრაფვის ეროვნული გუნდის ღირსების დაცვას. ამ დროისთვის ფედერაციამ კრიშტიანუ გუნდს დროებით ჩამოაშორა, ხოლო საბოლოო ვერდიქტი სასჯელის შესახებ ჯერ არ გამოცხადებულა.
დაძაბული ვითარების მიუხედავად, ფედერაციის ხელმძღვანელობა შერიგებაზეა ორიენტირებული. ფუნშალის (რონალდუს მშობლიური ქალაქი მადეირაზე) საქალაქო მერიაში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, პედრუ პროენსამ კაპიტანზე თბილად ისაუბრა.
კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (234) და ყველაზე მეტი გოლი გატანილი (146).