"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად ახლოს იყო კლუბი უესლი სნეიდერისგადაბირებასთან მისი ხელმძღვანელობის დროს.
მადრიდის "რეალის" და მილანის "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი 10 წლის წინ და მისი სახელი ძალზედ ხშირად უკავშირდებოდა "ოლდ ტრაფორდს", თანაც ეს მხოლოდ ინტერესი არ ყოფილა და თითქმის ყველა სატრანსფერო ფანჯრის დროს ნიდერლანდელი ფეხბურთელისა და პრემიერ ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სახელები ერთმანეთთან ყოველთვის ასოცირდებოდა. თუმცა, რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი და ახლოს იყვნენ თუ არა მხარეები შეთანხმებასთან, ამის შესახებ თავად შოტლანდიელმა სპეციალისტმა ისაუბრა.
"მსგავსი საუბრები ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ჩვენ არასოდეს დავინტერესებულვართ სნეიდერით. არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს აზრი, მაგრამ მედია ბევრ რამეზე საუბრობს. ყოველ კვირას, როდესაც მე აქ პირველად მოვედი, ისინი მუდმივად ასახელებდნენ სხვადასხვა სახელებს", - თქვა 79 წლის სპეციალისტმა.
სნეიდერი ჟოზე მოურინიოს "ინტერს" 2010 წელს ტრიპლეტის მოგებაში დაეხმარა და იმავე წელს ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ამ ყველაფრის შედეგად ამჟამად 37 წლის ფეხბურთელმა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა და მხოლოდ "ბარსელონას" ლეგენდარულ სამეულს, ლეო მესის, ანდრეს ინიესტას და ჩავის ჩამორჩა.