Belive

ქოჩორაშვილი: ,,მამარდას თამაშამდეც ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ მისი დღე იყო''

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში საბერძნეთთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,თამაშის შემდეგ ემოციების გარეშე დავრჩი... ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რამხელა რაღაც გავაკეთეთ და რამხელა ისტორია დაიწერა.

სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყვი, რომ პირველი პენალტის შესრულებას დიდ ხანს ველოდი, მაგრამ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ბევრი ვიშრომე და, შესაძლოა, სწორედ ამ მომენტისთვისაც... ერთი თერთმეტმეტრიანიც ავაცილე, რამდენიმე გავიტანე, მაგრამ ეს ის დანიშნულება იყო, რომელიც უნდა შემესრულებინა და ამისთვის მზად ვიყავი. გუნდელების თანადგომამაც ხელი შემიწყო და ეს გადაწყვეტილება მივიღე.

როცა ბურთი ავიღე, გამამხნევებელი შეძახილები მესმოდა - ,,შენთანა ვარ, მარტო არ იქნები და ზღაპრის ბოლო კეთილია!'' ასეთ დროს შენზე ცუდი ან კარგი იმარჯვებს, ხალხის დახმარებით კი კარგმა გაიმარჯვა.

უარი რომ ეთქვათ, ალბათ, გვერდზე გავდგებოდი, მაგრამ, მინდოდა, რომ პირველი პენალტი მე დამერტყა. იმისთვისაც მზად ვიყავი, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი პირიქით მომხდარიყო, მაგრამ ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და მადლობა ღმერთს, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გავიტანე და ხალხის გულის გახარება მოვახერხე!

რომელი იყო გადამწყვეტი მომენტი? როცა მამარდამ პენალტი აიღო, თითქოს, ყველაფერი ჩვენს მხარეს იყო. გიორგის თამაშამდეც ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ მისი დღე იყო და გააკეთებდა იმას, რაც ბევრს არ გაუკეთებია. ვიცოდი, რომ მამარდა ამას იზამდა და მადლობა მას ამ დიდი გამარჯვებისთვის!'' - გიორგი ქოჩორაშვილი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო და ტურნირის საგზური გაიფორმა.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორე შეხვედრაში 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება (ჰამბურგში), ჯგუფის ბოლო ტურში კი, 26 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება.

სხვა სტატიები