Belive

'ქართველები ინდივიდუალურად აშკარად გვჯობნიან; 19 წლის ბავშვმა შეგვარცხვინა' - რას წერს ესტონური პრესა საქართველოსთან მარცხის შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ნაკრებთან უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრაში, საშინაო არენაზე მარცხს (0:1) ესტონური პრესა მწვავე კრიტიკით ეხმაურება. სხვადასხვა ბალტიისპირული გამოცემები აღნიშნავენ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, ქართველების დონე კი მათსას გაცილებით აღემატება. "ქართული ფეხბურთის 19 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ოსტატობითა და სისწრაფით ანრი იარველაიდის ფლანგი მთელი მატჩის განმავლობაში ატერორა. ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან თუ იერველაიდი თამაშობს დანიის ჩემპიონატში, ქართველი კი რუსეთის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა.  ხანგრძლივი კომბინაციის შედეგად, საქართველომ შექმნა სიტუაცია, როდესაც იერველაიდი მარტო აღმოჩნდა კვარაცხელიას წინააღმდეგ. მხარდაჭერის არარსებობის გამო, ესტონელ მარცხენა მცველს არ მიეცა შესაძლებლობა გაერისკა და მეტოქეს ძალიან მიახლოვებოდა. კვარაცხელიამ ისარგებლა მასპინძლების მიერ გამოყოფილი სივრცით. კარის წინ 198 სმ სიმაღლის შემტევ ნიკა კაჭარავას ჩაუწოდა, მან ჯონას ტამისთან საჰაერო დუელი მოიგო და ანგარიში გახსნა. საქართველოს ფეხბურთელების ინდივიდუალური ხარისხი ესტონელებისაზე აშკარად უკეთესია. თამაშის წინა დღეს, სტუმრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ ის აპირებდა ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელების გასინჯვას, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა შეადგენდა ცხრა ისეთ მოთამაშეს, რომლის ასაკიც 25 წელს ზემოთ იყო და სანაკრებო კარიერაში სულ მცირე 20 თამაში ჰქონდა ჩატარებული. მათ გვერდით ორი ახალგაზრდაც იყო: გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ ისინი რუსეთისა და ბელგიის ლიგებში თამაშობენ, ანუ საკმარისზე მეტი გამოცდილება გააჩნიათ. საქართველოს ინდივიდუალური ხარისხი აშკარად უკეთესი იყო. რატომ? რადგან ისინი კვიპროსის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, შვეიცარიის, ბელგიის და საქართველოს ჩემპიონატებში თამაშობენ. მეტოქეს ამ მხრივ აშკარა უპირატესობა აქვს. ფეხბურთში ინდივიდუალური ხარისხის ნაკლებობა შეიძლება კომპენსირდეს გონივრული გუნდური თამაშით. წარსულში ესტონეთის ნაკრებმა არაერთხელ მოახერხა ამის გაკეთება. დღეს ჩვენ შორს ვიყავით ამისგან", - წერს soccernet.ee. "სრული სიმართლე დღევანდელი მატჩის შესახებ არის ის, რომ ესტონელები 19 წლის ქართველმა ბავშვმა შეარცხვინა", - ეს აგრესიული სათაური კი  sport.delfi.ee-ს ეკუთვნის.

სხვა სტატიები