პსჟ-ს ისტორიული სატრანსფერო ფანჯარა და დაუსრულებელი საქმე
პარი სენ-ჟერმენს სურდა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებით ესარგებლა და ლუის ენრიკეს გუნდს კიდევ ერთი შევსება მიეღო. L'Équipe-ის ცნობით, ნასერ ალ-ხელაიფი, ლუის კამპოსი და პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ბოლო წუთამდე ადევნებდნენ თვალყურს ბაზარზე გამოჩენილ შესაძლებლობებს, თუმცა სასურველი კანდიდატი ვერ იპოვეს.
ბრედლი ბარკოლას ლივერპულში (145 მილიონი ევრო, ბონუსების ჩათვლით) და იბრაჰიმ მბაიეს ასტონ ვილაში (55 მილიონი ევრო) ტრანსფერებმა კლუბი შეტევის ხაზის გაძლიერებაზე დააფიქრა, თუმცა ბოლო საათებში შეთანხმება რომც შემდგარიყო, ის თავდასხმას არ შეეხებოდა. ზაფხულის განმავლობაში პარიზელები რამდენიმე მემარჯვენე ცენტრალურ მცველსაც აკვირდებოდნენ, მაგრამ მაღალი ფასებისა და ტრანსფერზე მეორე მხარის უარის გამო მოლაპარაკებები აღარ გაგრძელებულა. ახალი პოლიტიკის ერთგულმა პსჟ-მ ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმას ისევ არავის დამატება ამჯობინა და შესაძლოა, ეს ვარიანტები იანვარში კვლავ გაააქტიუროს.
რეკორდული ფინანსური მოგება
პარიზულმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიული ფინანსური ბალანსით დაასრულა. პსჟ-ში სულ 11 ფეხბურთელი მოვიდა (იჯარიდან დაბრუნებულების ჩათვლით) და ამდენივე წავიდა (მათ შორის, გაწყდა კონტრაქტი რენატო სანჩესთან). კლუბმა გაყიდვებიდან თითქმის 350 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ახალ მოთამაშეებში, ბონუსების გარეშე, 152 მილიონი დახარჯა. შედეგად, დადებითმა ბალანსმა დაახლოებით 183 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ახალი მფლობელობის პერიოდში უპრეცედენტო მაჩვენებელია.
ეს სტრატეგია ემსახურება როგორც ბიუჯეტის უკეთ დაბალანსებას, ისე იმ პრინციპს, რომ კლუბში აღარ გააჩერონ ფეხბურთელები, რომლებსაც წასვლა სურთ. გარდა ამისა, ეს ემთხვევა ახალ სატრანსფერო ხედვას - აქცენტი 16-დან 25 წლამდე პერსპექტიულ მოთამაშეებზე, რომელთა საბაზრო ღირებულებაც სამომავლოდ გაიზრდება. ამ განსაკუთრებით მომგებიანი ზაფხულის შემდეგ, პარიზელები უკვე ზამთრის ტრანსფერებისთვის ემზადებიან.
Le PSG désigne ses priorités pour le prochain mercatohttps://t.co/x60v9gKJfB
— Foot Mercato (@footmercato) September 2, 2026