Belive

პრევიუ: დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი

3 წლის წინ ფეხბურთი
18 წთ
2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური დაპირისპირება 1 ივლისს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება და მასში ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი, ჩემპიონობის ორი მთავარი ფავორიტი, ორი "დინამო" დაუპირისპირდება. თბილისური და ბათუმური კლუბების შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა არამხოლოდ სათამაშო კვირაშია გამორჩეული, არამედ მთლიანად სეზონში, ვინაიდან ერთმანეთის წინააღმდეგ ის ორი კლუბი უნდა წარდგეს, რომლებიც ამ სეზონის წინაც ტიტულის მთავარ მაძიებლად მიიჩნეოდნენ და უკვე მესამე წელია სატურნირო ცხრილში საწყის ორ პოზიციას იკავებენ.
No description available.

სატურნირო მდგომარეობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისისა და ბათუმის "დინამოები" მთელი სეზონია ცხრილში პირველ-მეორე პოზიციას იკავებენ და სტარტიდანვე იმდენად დაწინაურდნენ, უახლოეს მდევრებს  მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევენ. საინტერესოა, რომ უკვე ჩატარებული 20 ტურიდან უმეტესში ლიდერობას გია გეგუჩაძის გუნდი ინარჩუნებდა, თუმცა პრინციპული დაპირისპირების წინ, თბილისელებმა პირველი პოზიცია დაიბრუნეს. ამ მომენტისთვის, კახა ცხადაძის გუნდს ყველაზე მეტი - 13 გამარჯვება, ყველაზე ცოტა - 2 ფრე და 5 მარცხი აქვს, შესაბამისად 41 ქულას ფლობს და ბათუმელებს მინიმალური უპირატესობით უსწრებს. ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა გუნდმა მიმდინარე გათამაშებაში 31 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი 15 მიიღო, გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსით კი ჩემპიონატში მეორეა.
ბათუმელები როგორც ზევით დავწერეთ, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან. ეს 40 ქულა შავიზღვისპირელებმა 11 გამარჯვებისა და 7 ფრის მეშვეობით მოაგროვეს. "დინამო ბათუმი" წელს მხოლოდ ორჯერ (გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივთან") დამარცხდა. ბათუმელებმა ამ სეზონში ყველაზე მეტი - 37 გოლი გაიტანეს და ყველაზე ცოტა - 14 გაუშვეს. ლოგიკურია, რომ გუნდის ბურთების შეფარდება ლიგაში საუკეთესოა.

სათამაშო ფორმა

  • "დინამო თბილისი" ბოლო პერიოდში არცისე დამაჯერებელია და გუნდმა ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 12 შეხვედრიდან 5 წააგო და მხოლოდ 6-ში მოახერხა გამარჯვების მიღწევა, (ფრე ქობულეთის "შუქურასთან" - 1:1) თუმცა უშუალოდ ბოლო მატჩი თანაც პრინციპულ მეტოქე ქუთაისის "ტორპედოსთან" გამარჯვებით დაასრულა (1:0), კარის მშრალად შენახვაც მოახერხა და თანამოსახელე აჭარულ კლუბთან დაპირისპირებას კარგი ხასიათით ხვდება. ამ პერიოდში დედაქალაქელები ქობულეთის შუქურასთან დამარცხდნენ კიდეც (0:2), ანუ ორიდან ვერცერთი შეხვედრა მოუგეს და საქართველოს თასსაც მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშნენ.
  • ეროვნული ლიგის მეორე წრეში "დინამო თბილისმა" 10 მატჩი ჩაატარა, 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3-ში დამარცხდა.
  • იმ შეხვედრების უმეტეს ნაწილში, რომელსაც თბილისელები გამარჯვებით ასრულებენ, გოლსაც არ უშვებენ - ბოლო 8 შეხვედრიდან "დინამომ" 6 მოიგო და ამდენივეში კარი მშრალად შეინახა (1:1 "შუქურასთან" და 1:2 "სამგურალთან").
  • მას მერე, რაც თბილისური კლუბი კახა ცხადაძემ ჩაიბარა, გუნდმა სამივე შესაძლო შედეგი დააფიქსირა: 3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი.
  • მიმდინარე სეზონში "დინამოს თბილისის" მატჩები უხვგოლიანობით ნამდვილად არ გამოირჩევა. ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 12 შეხვედრიდან მხოლოდ ორში გავიდა სულ მცირე - 3 გოლი.
  • "დინამო თბილისის" მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 12 შეხვედრიდან მხოლოდ ორში მოხდა ისე, რომ გოლი ორივე მეტოქემ გაიტანა.
  • "დინამო თბილისი" საშინაო კედლებში უფრო დამაჯერებელია, ვიდრე მეტოქის მოედანზე. იმ ბოლო 8 მატჩიდან, რომელიც "ლურჯ-თეთრებმა" "დინამო არენაზე ჩაატარეს, მხოლოდ ერთში დამარცხდნენ და 6 კი გამარჯვებით დაასრულეს. მთლიანად, მიმდინარე სეზონში, "მტკვრისპირელების" შედეგი ყველა ტურნირზე, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრებში ასეთია: 10 მატჩი: 6 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.
  • "დინამო ბათუმს" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თუმცა აქედან 3 შეხვედრა გუნდმა ფრედ დაასრულა. განსაკუთრებული დამაჯერებლობით მათი უახლოესი მეტოქის მსგავსად, ვერც ბათუმელები დაიკვეხნიან. მათ ბოლო ორი მატჩი ვერ მოიგეს და ფრედ დაასრულეს, უკანასკნელ შეხვედრაში კი, საშინაო კედლებში, აჭარული დერბი ვერ მოიგეს და ქობულეთის "შუქურასთან" 2:2 ითამაშეს, თანაც მიმდინარე სეზონში შინ ქულები პირველად დაკარგეს.
  • "დინამო ბათუმს" ამ სეზონში 22 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც მხოლოდ ორში დამარცხდა.
  • აჭარელთა უკანასკნელი ორი მატჩი იდენტური ანგარიშით დასრულდა - 2:2.
  • გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 4-ში მეტოქის კარში სულ მცირე 2 გოლი გაიტანა.
  • უკანასკნელ ხანებში "დინამო ბათუმი" კარის უსაფრთხოებაზე სტაბილურად კარგად ზრუნვას ვეღარ ახერხებს, რადგანაც გუნდმა ბოლო 6 მატჩიდან 3-ში გოლი გაუშვა.
  • ბათუმელთა ბოლო 11 შეხვედრიდან 7-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.
  • ზღვისპირელთა ბოლო 10 შეხვედრიდან 6-ში გოლი მხოლოდ ერთმა მეტოქემ გაიტანა.
  • თუ რამხელა ფაქტორი აქვს ბათუმელთათვის საშინაო კედლებს და გულშემატკივრის ფაქტორს, ეს ქართული ფეხბურთის ქომაგს კარგად მოეხსენება და შედეგზეც ნათლად აისახება, თუმცა სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში, "დინამო ბათუმს" ბოლო სამი მატჩია გამარჯვება არ მოუპოვებია - ორი ფრე ორ იმერულ კლუბთან, ქუთაისის "ტორპედოსთან" (2:2) და წყალტუბოს "სამგურალთან" (0:0) და იქამდე მარცხი თბილისის "ლოკომოტივთან" - 1:2.
No description available.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ისტორიაში სულ 62-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც თბილისელებმა 41 მოიგეს, 11-ჯერ გამარჯვებას ბათუმელებმა მიაღწიეს, ხოლო 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, იგულისხმება ეროვნული ჩემპიონატი, სულ 179 გოლი გავიდა, აქედან 124 თბილისურმა "დინამომ" შეაგდო, 55-ჯერ კი მეტოქის კარი ბათუმელებმა აიღეს. მიმდინარე სეზონში ამ გუნდების გზები მესამედ გადაიკვეთება, აქამდე გამართული ორივე მატჩი აჭარლებმა მოიგეს, ანალოგიური ანგარიშით - 0:1. გუნდებს შორის ბოლო მატჩი 2021 წლის 5 მაისს, "დინამო ბათუმის" ახალ სტადიონზე გაიმართა და იქ მასპინძლებმა ჯაბა ჯიღაურის გოლის მეშვეობით იმარჯვეს. სწორედ ამ მატჩით დაბრუნდა ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივი კლუბი და გულშემატკივრის თანდასწრებით გახსნაც, თბილისურ, პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებით შედგა. ბოლოს "დინამო თბილისმა" ბათუმური მოსახელე კლუბი 2020 წლის 12 სექტემბერს, ნეიტრალურ არენაზე, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაამარცხა (3:1), იქ გამარჯვებული გუნდის მხრიდან გოლები გიორგი გაბედავამ, ბაქარ ქარდავამ და გიორგი ზარიამ გაიტანეს, ერთი ბურთი კი ჯაბა ჯიღაურმა გაქვითა. ბოლო სამ სეზონში, ანუ მას მერე, რაც ბათუმელები ეროვნულ ლიგაში დაბრუნდნენ, უპირატესობა სწორედ მათ მხარესაა: 8 მატჩი, 4 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი. ორი ყველაზე წარმატებული ქართული "დინამოს" დაპირისპირებების ისტორიაში, ყველაზე პოპულარული ანგარიში - 1:0 გახლავთ, ამ შედეგით რომელიმე გუნდმა 15-ჯერ იმარჯვა. რვა შემთხვევაში - 2:1, შვიდჯერ კი - 3:1 დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება 1994 წლის 18 სექტემბერს, ბათუმში შედგა, რომელშიც თბილისელებმა მეტოქე - 5:3 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ დედაქალაქელთაგან გატანილი ხუთივე გოლი ერთ გვართან ასოცირდება - არჩილ არველაძემ ჰეთ-თრიქი, შოთამ კი - დუბლი შეასრულა. ამ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრებში ერთი გუნდის ყველაზე დიდი უპირატესობა - 7:0 გახლავთ, რომელიც თბილისელებმა 2007 წლის 29 სექტემბერს დააფიქსირეს. რაც შეეხებათ ბათუმელებს, მათ ყველაზე დიდი სხვაობით 2004 წელს იმარჯვეს - 3:0.
No description available.

სიახლეები შემადგენლობაში

ბათუმელები შეხვედრას საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდებიან. დიდი ალბათობით, მათ გუნდის კაპიტანი, ერთ-ერთი ლიდერი და ბოლო სამი სეზონის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მცველი, მამუკა კობახიძე ვერ დაეხმარებათ, რომელიც წინა ტურში, ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (2:2) დაშავდა და მოედანი 57-ე წუთზე, ექიმების დახმარებით დატოვა. თანაც ეს მაშინ, როცა გუნდის კიდევ ერთი დაცვის ბურჯი და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ოლექსანდრ აზაცკიც ტრავმირებულია. ტრავმის სრულად მოშუშებას ჯერჯერობით ვერც კიდევ ერთი მარჯვენა მცველი, ლევან გეგეჭკორი ახერხებს. სამაგიეროდ, აჭარლებს გრიგოლ ჩაბრაძე დაუბრუნდათ - აწ უკვე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმა მოირჩინა და "შუქურასთან" ხსენებულ შეხვედრაში მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. უკვე რამდენიმე შეხვედრაა გუნდს გიორგი ნიქაბაძეც დაუბრუნდა, რომელმაც "თელავთან" საშინაო კედლებში, მე-16 ტურის ეგიდით მოგებულ შეხვედრაში (3:0) გოლი და საგოლე გადაცემაც მიითვალა. გამოცდილი თავდამსხმელის აქტივში მიმდინარე გათამაშებაში უკვე 3 გოლია.
რაც შეეხებათ თბილისელებს, თუ არ ჩავთვლით გიორგი ქიმაძეს, რომელიც გუნდს ნახევარ წელიწადზე მეტია ვერ ეხმარება, მათ ტრავმები არ აწუხებთ და სეზონის ერთ-ერთ მთავარ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. ამავე დროს, "დინამო თბილისს" წინა სეზონის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ნოდარ ქავთარაძეც დაეხმარება, რომელიც უნგრულ "მეზოკოვეშდში" გატარებული ნახევარი წლის შემდეგ ყოფილ კლუბს უკვე ოფიციალურად დაუბრუნდა და ორ შეხვედრაში ითამაშა კიდეც.

სავარაუდო შემადგენლობა

"დინამო თბილისი": როინ კვასხვაძე - საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური - ფაბიან სპორქსლედე, გიორგი კუცია, გიორგი პაპავა, მილან რადინი, ლევან ხარაბაძე - ზორან მარუშიჩი, გიორგი გაბედავა (3-5-2). მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე.
"დინამო ბათუმი": ლაზარე კუპატაძე - გრიგოლ ჩაბრაძე, მალხაზ გაგოშიძე, გაგი მარგველაშვილი, ირაკლი აზაროვი - ჯაბა ჯიღაური, სანდრო ალთუნაშვილი, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი - ჯოვინო ფლამარიონი, გიორგი ფანცულაია (4-4-2). მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
No description available.

საინტერესო ფაქტები

ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი გია გეგუჩაძე ერთადერთია ეროვნულ ლიგაში თავის კოლეგებს შორის, რომელიც ერთ კონკრეტულ გუნდში უკვე მეოთხე სეზონს ატარებს. ამჟამად რანგით ყველაზე მაღალ დივიზიონში გამომსვლელი ათი კლუბიდან 6-ს მწვრთნელი სეზონის მიმდინარეობისას შეეცვალა, "სამტრედიას" გია ცეცაძე სეზონის წინ ჩაუდგა სათავეში, "ლოკომოტივს" და "შუქურას" კი შესაბამისად, გია ჭიაბრიშვილი და გიორგი შაშიაშვილი, 2020 და 2019 წლიდან თავკაცობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გია გეგუჩაძე, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია, განსაკუთრებული წარმატებისთვის სწორედ თბილისურ კლუბთან ერთად მიუღწევია, რაც გუნდის უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანას გულისხმობს. "ზესტაფონთან" ერთადაც გაჩემპიონებული გეგუჩაძე "დინამო თბილისში" ორჯერ - 2004-05 და 2015-16 წლებში მუშაობდა. მოახლოებულ მატჩში ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირები დაუპირისპირდებიან. ბათუმელთა მხარეს გიორგი ფანცულაია, ვინც 10 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს და მიჯრით ბოლო სამ მატჩში მეტოქის კარის აღებას ახერხებს, თბილისელთა ბანაკში კი მეორე ადგილის გამნაწილებელი ორი ფორვარდის დუეტი, ზორან მარუშიჩი და გიორგი გაბედავა 8-8 გოლით. ბოლო გოლი, რომელიც "დინამო თბილისმა" "დინამო ბათუმს" გაუტანა, გიორგი ზარიას ეკუთვნის, ეს 2020 წლის 12 სექტემბერს, ქუთაისში გამართულ შეხვედრაში (3:1 თბილისელთა სასარგებლოდ) მოხდა, ამჟამად, 23 წლის ნახევამრცველი უკვე ბათუმელთა ღირსებას იცავს და მათ მიერ გატანილი ბოლო გოლიც სწორედ მის აქტივშია (2:2 ქობულეთის "შუქურასთან"). ბოლო ორი წელია ბათუმელთა ლიდერი და წინა სეზონში, სულაც საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა ჯიღაურია, იგი "დინამო თბილისის" აღზრდილია და მთავარ გუნდში 2011-17 წლებში ირიცხებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, იგი "ჩიხურაშიც" გახლდათ განათხოვრებული, მშობლიურ გუნდში კი საერთო ჯამში 109 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა, 9 საგოლე გადაცემა გააკეთა და 2013 წელს ქვეყნის ჩემპიონი და ორგზის თასის გამარჯვებულიც გახდა. იგი 2019 წლის ივლისიდან აჭარელთა მაისურს ირგებს და ყოფილ გუნდის კარის აღება სამჯერ შეძლო და 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა. ჯიღაურის გარდა ბათუმელთა რიგებში შემდეგი ყოფილი "დინამო თბილისელები" თამაშობენ: გიორგი ზარია, ირაკლი აზაროვი, გიორგი ნავალოვსკი, ლევან გეგეჭკორი და ლაშა შინდაგორიძე. რაც შეეხება თბილისურ კლუბს, აქ ბათუმელთა შემადგენლობაში თამაშის გამოცდილების მქონე ერთი ფეხბურთელი, გიორგი გაბედავა ირიცხება.
No description available.

მსაჯი

ორი "დინამოს" დაპირისპირებას ირაკლი კვირიკაშვილის მსაჯთა ბრიგადა განსჯის. საინტერესოა, რომ 36 წლის არბიტრი ამ გუნდებს შორის, მიმდინარე სეზონში გამართულ ორივე დაპირისპირებას ხელმძღვანელობდა. ორივე მათგანში ბათუმელებმა - 1:0 იმარჯვეს. თბილისში, პირველი წრის მატჩში კვირიკაშვილმა 6 ყვითელი ბარათი გამოიყენა და გუნდებს თანაბრად - 3-3 უჩვენა. მასპინძელთაგან გაფრთხილება გიორგი კუციამ, მილან რადინმა და სეკუ კეიტამ დაიმსახურეს, ხოლო სტუმართაგან სანდრო ალთუნაშვილმა, ჯაბა ჯიღაურმა და ბენჟამინ ტეიდმა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, აქ შედარებით ნაკლები უხეშობა იყო და კვირიკაშვილსაც ადრე გაზაფხულზე ბათუმში ჩატარებულ დაპირისპირებაში სტუმართაგან ფაბიან სპორქსლედესთვის და კვლავ მილან რადინისთვის, მასპინძელთაგან კი გიული მანჯგალაძისთვის ყვითელი ბარათების ჩვენება მოუწია. გარდა ამ ორი მატჩისა, ამ სეზონში კვირიკაშვილმა ორივე გუნდის სხვა შეხვედრებზეც იმუშავა. თბილისელთა შემთხვევაში ეს ერთხელ, ახლა წარსულში, მე-18 ტურში გამართულ თბილისურ დერბიში შედგა, რომელშიც "დინამომ" "ლოკომოტივს" 2 უპასუხო გოლი გოლი გაუტანა. "დინამო არენაზე" კვირიკაშვილმა სამივე შემთხვევაში სტუმართა ფეხბურთელები: გიორგი გაბაძე, თორნიკე კირკიტაძე და კახა კახაბრიშვილი გააფრთხილა და მათ კარში თერთმეტმეტრიანიც დანიშნა, რაც გოლად გიორგი გაბედავამ აქცია. რაც შეეხებათ ბათუმელებს, ამ სეზონში მათ ირკალი კვირიკაშვილის მსაჯობისას "საბურთალო" (4:1, მე-14 ტურში) და "სამგურალი" (2:0, მერვე ტურში) დამაარცხეს. თბილისურ კლუბთან შეხვედრაში მათ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს (ვლადიმერ მამუჩაშვილმა გატანა შეძლო) და გიორგი ნავალოვსკის, ჯაბა ჯიღაურის და ვამარა სანოგოს ყვითელი ბარათები მიიღეს, ხოლო მეტოქეთაგან თორნიკე ძებნიაური, ვიქტორ მუდრაკი, გიორგი კოხრეიძე და ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა იყვნენე გაფრთხილებულები. აი წყალტუბოელებთან მატჩში კი ბენჟამინ ტეიდმა ორი ყვითელი, შესაბმისად წითელი ბარათიც მიიღო და მატჩის მიწურულს თანაგუნდელები კაცნაკლული დატოვა, გაფრთხილება სანდრო ალთუნაშვილმაც მიიღო, იმერლეთაგან კი მსაჯმა შალვა ბურჯანაძე და ლუქმან გილმორი გააფრთხილა. ამ სეზონში, ირაკლი კვირიკაშვილმა საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე 13 მატჩს უხელმძღვანელა (მათ შორის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბელარუს თანატოლებთან ამხანაგურ დაპირისპირებას, რომელშიც ჩვენმა 21-წლამდელებმა - 4:1 იმარჯვეს), და საერთო ჯამში 58 ყვითელი და 4 წითელი ბარათი გამოიყენა და 3-ჯერ პანელტიც დანიშნა. ყველა ამ შეხვედრაში ქართველმა რეფერიმ სულ მცირე 3 ბარათი გამოიყენა.
No description available.

მატჩისწინა კომენტარები

გიორგი გაბედავა - "დინამო თბილისის" თავდამსხმელი: "ქუთაისში თამაში ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ იქ უპირატესობა გქვონდა, მეტი საგოლე ეპიზოდი შევქმენით, თამაშს ვაკონტროლებდით და გავიმარჯვეთ. რაც შეეხება "დინამო ბათუმთან" დაპირისპირებას, ჩემპიონატი უკვე ისეთ ფაზაში შევიდა, რომ ყველა ქულას უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მიუხედავად იმისა, ლიდერთან ვთამაშობთ თუ აუტსაიდერთან. "დინამო ბათუმთან" ორი შეხვედრა დავთმეთ, აქედან გამომდინარე, ამ მატჩში მეტი მობილიზება გვმართებს. ვფიქრობ, რომ ბათუმელებთან კვლავ წაგების და ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. მოედანზე დიდი მოტივაციით გამოვალთ და მეტოქის დამარცხებას შვეეცდებით. ზორან მარუშიჩი - "დინამო თბილისის" თავდამსხმელი: "დღეს კარგ განწყობაზე ვართ და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველით. 100%-ით ვემზადებით თითოეული შეხვედრისთვის, მაგრამ ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მატჩია. ვფიქრობ, არც ღირს იმის ახსნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩი ჩვენთვის და მოედანზე რაოდენ მობილიზებულები და კონცენტრირებულნი უნდა გავიდეთ. ამ მომენტში მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, ეს არის ის, რაც უპირატესობას მოგვცემს და უკეთეს მდგომარეობაში დაგვაყენებს".
No description available.

სხვა სტატიები