პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები - საფეხბურთო ინფლაციის გათვალისწინებით
ბრიტანულმა Sky Sports-მა, საფეხბურთო ინფლაციის გათვალისწინებით, პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული 11-ეული დაასახელა. საინტერესოა, რომ დეკლან რაისის, ენცო ფერნანდესის, მოისეს კაისედოსა და სხვა ფეხბურთელების ასმილიონიანი ტრანსფერების მიუხედავად, ამ გუნდში მათი ადგილი არ მოიძებნა.
კაისედო, რომელიც ლონდონის "ჩელსიმ" "ბრაიტონისგან" €116 მილიონად შეიძინა, პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, თუმცა ფეხბურთში ფულის მსყიდველუნარიანობის შემცირების, იგივე საფეხბურთო ინფლაციის გათვალისწინებით, ინგლისის ჩემპიონატს უფრო მსუყე ტრანსფერებიც ახსოვს.
ქვემოთ მოცემული ფასები დღევანდელი მდგომარეობითაა გასწორებული - რამდენს გადაიხდიდნენ კლუბები, ეს ფეხბურთელები დღეს რომ შეეძინათ?
მეკარე: კეპა არისაბალაგა
ესპანელი მეკარე ყველაზე ძვირადღირებული კარის დარაჯია - 2018 წელს, "ჩელსიმ" მის სანაცვლოდ £71.6 მილიონი გადაიხადა და ინფლაციური პროცესების გათვალისწინებთ, Sky Sports მიიჩნევს, რომ მისი ფასი დღეს £93 მილიონი იქნებოდა.
"ჩელსიში" კეპამ მოლოდინი ვერ გაამართლა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მას ძირითად შემადგენლობაშიც ჰქონდა ადგილი დაკარგული. ამჟამად, კეპა "რეალში" იჯარის წესით თამაშობს, რადგან სეზონის სტარტზე, ტიბო კურტუამ მძიმე ტრავმა მიიღო.
მარჯვენა მცველი: პაულო ფერეირა
ამ თერთმეტეულში "ჩელსის" ფეხბურთელები მრავლად არიან. რომან აბრამოვიჩის ეპოქიდან მოყოლებული (და განსაკუთრებით ახლა), ლონდონური კლუბი შემადგენლობის გასაძლიერებლად ხმაურიან ტრანსფერებს ხშირად ახორციელებდა.
2004 წელს, პაულო ფერეირა "ჩელსიში" ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით მივიდა. მის სანაცვლოდ, "არისტოკრატებმა" "პორტოს" £13.3 მილიონი გადაუხადეს (დღევანდელი გათვლით, £92 მლნ.). ტრანსფერი გამართლებული იყო - 2004-2006 წლებში, იგი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი და მოურინიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფეხბურთელი იყო.
ცენტრალური მცველი: რიკარდუ კარვალიუ
"ჩელსის" კიდევ ერთი (და არა უკანასკნელი) ფეხბურთელი, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ. კარვალიუს ლონდონში ტრანსფერი ასევე მოურინიოს მოთხოვნა იყო. ცნობილი ფაქტია, რომ მოუს საყვარელი ფეხბურთელები ახალ გუნდშიც მიჰყავს ხოლმე. პორტუგალიელმა ფერეირასთან და კარვალიუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მათზე დიდ იმედებს ამყარებდა.
£20 მილიონი, რომელიც მის სანაცვლოდ "პორტომ" მიიღო, დღევანდელ £138 მილიონს უტოლდება. რიკარდუ კარვალიუმ, ჯონ ტერისთან ერთად, ბრწყინვალე ტანდემი შექმნა და მოგვიანებით, მოურინიოს "რეალშიც" გაჰყვა.
ცენტრალური მცველი: რიო ფერდინანდი
ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც ისტორიაში £200 მილიონზე მეტი გადაიხადეს, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარია. წარმოიდგინეთ, 2002 წელს, ცენტრალური მცველის სანაცვლოდ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" £29 მილიონი გადაიხადა, რაც, საფეხბურთო ინფლაციის გათვალისწინებით, £199 მილიონს უტოლდება.
სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით, ფერდინანდს ჰარი მაგუაირის გზა არ გაუვლია - იგი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდად ჩამოყალიბდა.
მარცხენა მცველი: გრემ ლე სო
მისი სახელი ფეხბურთის ძირძველ გულშემატკივარს ახსოვს. მისი ისტორია ასეთია: 1993 წელს, "ჩელსიმ" ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბლექბერნს" £1 მილიონად მიჰყიდა, 4 წლის შემდეგ კი £7 მილიონად გამოისყიდა.
მარცხენა მცველის სანაცვლოდ უზარმაზარ თანხას უმეტესად "ჩელსი" იხდის - მაგალითისთვის, მარკ კუკურელას, ბენ ჩილველისა და გრემ ლე სოს მოყვანა შეიძლება. შორეულ 90-იანებში გადახდილი £7 მილიონი, დღევანდელი გათვლით, £102 მილიონს უტოლდება.
ცენტრალური ნახევარმცველი: მაიკლ ესიენი
...და ისევ "ჩელსი". განელი ფეხბურთელი უზომოდ ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, რომელმაც "ჩელსის" გულშემაკივარს თავი მალევე შეაყვარა. ფიზიკურად ძლიერი იყო, კარგად კითხულობდა თამაშს, გამოირჩეოდა შორეული გოლებითა და შრომისმოყვარეობით, რის გამოც, მოურინიოს ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად ითვლებოდა.
მიჩნეულია, რომ ფრენკ ლამპარდის ანგარიშზე არსებული გოლების რაოდენობა, დიდწილად ესიენის დამსახურებაა, რომელიც, თავისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ლამპარდს წინ წასვლის მეტ თავისუფლებას აძლევდა.
ესიენმა "ჩელსიში" 9 წელი გაატარა. 2005 წელს, მის სანაცვლოდ, "ლიონმა" £26 მილიონი მიიღო, რაც კოლოსალურ თანხას - £171 მილიონს უტოლდება.
ცენტრალური ნახევარმცველი: ხუან სებასტიან ვერონი
"მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშოდ გადასულმა ვერონმა პრემიერ ლიგაში გაცილებით ნაკლები დატოვა, ვიდრე მისგან ელოდნენ.
2001 წელს, არგენტინელი ნახევარმცველის ნაცვლად, MU-მ £28 მილიონი გადაიხადა. ტრანსფერი მასშტაბური იყო და მასზე ყველგან ლაპარაკობდნენ. რატომაც არა, დღეს ეს რიცხვი £173 მილიონი იქნებოდა.
გარი ნევილის შეფასებით, ვერონი ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო, რომელიც ფერგიუსონის სათამაშო სქემას უბრალოდ ვერ მოერგო.
ცენტრალური ნახევარმცველი: პოლ პოგბა
იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი, რომლის ტრანსფერიც არცთუ დიდი ხნის წინ განხორციელდა, მაგრამ ამ სიაში მაინც მოხვდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" პოგბა "იუვენტუსში" ჯერ უფასოდ გაუშვა, 4 წლის შემდეგ კი £93.3 მილიონად დაიბრუნა (£165 მლნ.)
#POGBACK - ასე შეეგება "იუნაიტედი" ფეხბურთელს, რომელზეც უდიდეს იმედებს ამყარებდა. როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, 2022 წელს "იუვენტუსმა" პოგბა კვლავ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიბრუნა.
მარჯვენა ვინგერი: შონ რაით-ფილიპსი
პრემიერ ლიგის ლეგენდის, იან რაითის შვილი, იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა. ტანმორჩილი იყო, მაგრამ ძალიან სწრაფი, მობილური და დარტყმაც ჩინებული ჰქონდა. 2005 წელს, "ჩელსიმ" "სიტის" £21 მილიონი გადაუხადა, თუმცა რაით-ფილიპსმა კონკურენციას ვერ გაუძლო, თავი ვერ გამოიჩინა და კვლავ "სიტის" დაუბრუნდა, გაცილებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ.
Sky Sports-ის გამოთვლით, £21 მილიონიანი ტრანსფერი დღეს £138 მილიონი იქნებოდა, რაც რაით-ფილიპსს ყველაზე ძვირადღირებულ მარჯვენა ვინგერად აქცევს.
მარცხენა ვინგერი: ანხელ დი მარია
დი მარია "მანჩესტერ იუნატედში" ფორმის პიკში გადავიდა. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული არგენტინელის სანაცვლოდ, "რეალმა" £60 მილიონი მიიღო, MU-მ კი - მორიგი წარუმატებელი ტრანსფერი განახორციელა.
დი მარია "ნისლიან ალბიონს" 1 სეზონში გამოემშვიდობა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ლუის ვან გაალი გახლდათ, რომელთანაც პიროვნული შეუთავსებლობა ჰქონდა.
2014 წელს გადახდილი £60 მილიონი კი დღეს £160 მილიონს გაუტოლდებოდა.
ცენტრალური თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო
შევჩენკო პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია - დიახ, თუკი საფეხბურთო ინფლაციას გავითვალისწინებთ, 2006 წელს გადახდილი £30.8 მილიონი სარეკორდოა და დღეს £216 მილიონს გაუტოლდებოდა.
"მილანში" შესანიშნავად მოთამაშე უკრაინელმა ფორვარდმა ინგლისში ფეხი ვერ მოიკიდა, გოლების გატანას მოუკლო და დროგბასთან კონკურენციაში დამარცხდა.