სობოსლაი: "პრემიერ ლიგას იანვარში ვერ მოიგებ, არ მგონია რომ ჩემპიონებს ვეთამაშებით"
პრემიერ ლიგის 21-ე ტურს ლონდონში სუპერმატჩი დახურავს, სადაც პირველადგილოსანი არსენალი შინ ლივერპულს დაუხვდება.
მანჩესტერ სიტი 3 ტურია პრემიერ ლიგაში თამაშს ვერ იგებს, არსენალს კი იდეალური შანსი აქვს, რომ ლივერპულის დამარცხებით ძალიან კომფორტული 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვოს. თავის მხრივ, გამარჯვების შემთხვევაში, ცუდ ფორმაში მყოფ ლივერპულსაც შეუძლია, რომ მე-4 პოზიცია გაიმყაროს.
უპრინციპულესი დაპირისპირების წინ, ლივერპულის ერთ-ერთმა ლიდერმა - დომინიკ სობოსლაიმ, პრესკონფერენციაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია, ამაზე ბევრი დავა ალბათ არც ღირს, შესაბამისად, ადვილი არ არის, რომ ჩემპიონობა იანვარშივე გაიფორმო, ამიტომაც სულაც არ მგონია, რომ არსენალი პრემიერ ლიგას მოიგებს, მითუმეტეს ნაადრევად, შესაბამისად არ მგონია, რომ ჩემპიონების წინააღმდეგ ვთამაშობთ.
პირიქით რომ ავიღოთ, კი, ნამდვილად ეგრეა, არსენალი ჩემპიონის წინააღმდეგ ითამაშებს, რადგან ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ..." - დომინიკ სობოსლაი
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგას 20 ტურის შემდეგ არსენალი ლიდერობს, ისიც ცნობილია, რომ 21-ე ტურის შემდეგაც არსენალი იქნება სათავეში, გასარკვევი კი სწორედ ის არის, ლონდონური გრანდი მანჩესტერ სიტის 5 ქულით აჯობებს თუ ექვსით, ან თუნდაც რვით...
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ არსენალს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მარცხი აქვს, აქედან ერთ-ერთი და პირველი ლივერპულთან, სადაც სწორედ დომინიკ სობოსლაის ულამაზესი ჯარიმით გაიმარჯვეს 'მერსისაიდელებმა'.
არსენალისა და ლივერპულის დაპირისპირება 8 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.