PFA-მ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.კრიშტიანუ რონალდუ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო თერთმეტეულშია, თუმცა ამ სიაში კორეელი ჰეუნ-მინ სონი ვერ მოხვდა.
რონალდუმ, მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ, 30 თამაშში 18 გოლი გაიტანა. ხუთგზის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა, სიმბოლურ თერთმეტეულში, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია დაიკავა. მაგრამ, გულშემატკივრების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ადგილი "ტოტენჰემის" კორეელ შემტევს სონს ეკუთვნოდა. მან პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 23 გოლი გაიტანა და ოქროს ბუციც დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში "ლივერპულის" ექვსი ფეხბურთელი მოხვდა: მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე, ალისონ ბეკერი, ვირჯილ ვან დაიკი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ტიაგო ალკანტარა.
პრემიერ ლიგის გამარჯვებულ "მანჩესტერ სიტის" რიგებიდან, სამმა ფეხბურთელმა დაიმსახურა ადგილი საუკეთესო თერთმეტეულში: კევინ დე ბრუინმა, ჟოაუ კანსელუმ და ბერნარდუ სილვამ.
"ჩელსის" ცენტრალური მცველის, ანტონიო რუდიგერის, კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და მანაც მოიპოვა დამსახურებული ადგილი საუკეთესო თერთმეტეულში.