Belive

პრემიერ ლიგის გრანდებს ილიმან ნდიაის შეძენა სურთ

1 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

„talkSPORT“-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ და ლონდონის „არსენალი“ „ევერტონის“ სენეგალელი თავდამსხმელის, ილიმან ნდიაის გაფორმებით აქტიურად ინტერესდებიან. ორივე გრანდი საკუთარი შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, ნდიაი კი ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შემტევად ჩამოყალიბდა და წამყვანი კლუბების სკაუტების ყურადღებაც მალევე მიიპყრო.

მერსისაიდული კლუბი თავისი მთავარი ვარსკვლავის იაფად დათმობას არ აპირებს. „კანფეტებმა“ 24 წლის ფეხბურთელი 80 მილიონ ფუნტად შეაფასეს. ეს თანხა ნათლად ასახავს როგორც ნდიაის მნიშვნელობას დევიდ მოიესის ტაქტიკურ სისტემაში, ისე მის გრძელვადიან პოტენციალს. ამასთან, სენეგალელს მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რაც „ევერტონს“ მოლაპარაკებებში საკმაოდ მყარ პოზიციას ანიჭებს.

მიუხედავად ამისა, სიტუაციას თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილება ართულებს - ნდიაიმ მიმდინარე ზაფხულს კლუბის მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი თქვა. ამ ნაბიჯით მან მკაფიოდ განაცხადა, რომ კარიერაში ახალი გამოწვევის მიღება და ევროპული ფეხბურთის გრანდში გადასვლა სურს.

აღსანიშნავია, რომ ეს ნდიაის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებული ჭორები აქამდეც ვრცელდებოდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ის ახლოს იყო საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ გადასვლასთან. მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არ შედგა, საუდელთა ინტერესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოთამაშის მიმართ ყურადღება ინგლისის ფარგლებსაც სცდება.

„მეთოფეების“ ინტერესი ამ სატრანსფერო საგაში განსაკუთრებით საინტერესოა. მიკელ არტეტას თავისი ტაქტიკური მოდელის დასასრულებლად უმაღლესი დონის თავდამსხმელი სჭირდება. ლონდონელთა მთავარი სამიზნე მადრიდის „ატლეტიკოს“ ვარსკვლავი ხულიან ალვარესი გახლდათ, თუმცა არგენტინელის „ბარსელონაში“ თამაშის სურვილმა მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად გაართულა.

სწორედ ამიტომ, „არსენალმა“ ყურადღება ნდიაიზე გადაიტანა, რომელიც იდეალურ ალტერნატივად მიიჩნევა. სენეგალელი გამოირჩევა უნივერსალიზმით: მას წარმატებით შეუძლია თამაში შეტევის სამივე პოზიციაზე, ისევე როგორც შემტევი ნახევარმცველის როლში.

სხვა სტატიები