Belive

პორტუგალია და ესპანეთი ერთმანეთის წინააღმდეგ პირველობისთვის იბრძოლებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს უეფას ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშების ბოლო რაუნდი გაიმართება. მთავარი შეხვედრა ქალაქ ბრაგაში პორტუგალიასა და ესპანეთს შორის შედგება.

ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება ორივე ნაკრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ის გუნდი, რომელიც შეხვედრას მოგებით დაასრულებს ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს.

პორტუგალია ჯგუფის ლიდერია ათი ქულით და მეორეადგილოსან ესპანეთს ორი ქულით უსწრებს. მასპინძელთა მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, რადგან ესპანეთისგან განსხვავებით, ისინი ფრის შემთხვევაშიც ითამაშებენ პლეი-ოფში.

diogo-jota-selecao-portugal

ყველას გვახსოვს გასულ სანაკრებო პაუზაზე პორტუგალიის მარცხი შვეიცარიასთან. მიუხედავად ამ წაგებისა, "სელესაო" პრინციპულ მატჩს კარგ ფორმაში ხვდება. პორტუგალიამ შაბათს ჩეხეთს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და მორიგი გამარჯვება მიითვალა. უნდა აღინიშნოს, რომ სანტოშის გაწვრთნილი გუნდი, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში კარგად გამოიყურება.

რაც შეეხება მათ მეზობლებს და მომავალ მეტოქეებს, ესპანელები აქამდე არც თუ ისე დამაჯერებელი შედეგებით მოვიდნენ. "ფურია როხამ" ფრე ითამაშა პორტუგალისთან და ჩეხეთთან. გარდა ამისა, შვეიცარიასთან მარცხით მათ სახლში 22-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესპანეთი პორტუგალიას ორი ქულით ჩამორჩება. ასევე აღსანიშნავია, რომ ესპანეთთან 2003 წლის შემდეგ, პორტუგალია შინ არ დამარცხებულა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად გამოტოვებული შეხვედრისა ჟოაუ კანსელუ პირდაპირ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს, რომელიც დალოს ან მენდეშს ჩაანაცვლებს.

ლუს ენრიკემ შვეიცარიასთან წაგებულ შეხვედრაში დანი კარვახალი დაასვენა და სავარაუდოდ, ის ამ საღამოს სეზარ ასპილიკუეტას ნაცვლად ძირითადში იქნება. სავარაუდოა, რომ "ბარსელონას" ნახევარდაცვის ტრიო ბუსკეტსი, გავი, პედრი დაიშლება და ერთ-ერთი მათგანის ნაცვლად როდრი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები