Belive

პლატინი: "დიბალა მარადონასა და ნეიმარის კატეგორიის ფეხბურთელია"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მოთამაშემ, ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დიბალა მარადონასა და ნეიმარის კატეგორიის ფეხბურთელია. სამგზის "ოქროს ბურთის" მფლობელმა Gazzetta dello Sport-თან საუბრისას განაცხადა:
" ძალიან მომწონს პაულო. ის იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიუკუთვნება, როგორებიც მარადონა და ნეიმარი არიან, შესაძლოა, მათზე ნაკლები ნიჭი ჰქონდეს, მაგრამ მოდი, ვნახოთ". "ის არც რონალდუა, არც მესი. ის შემტევი გამთამაშებელია, რომელიც როგორც თავდამსხმელი, ისე თამაშობს". " ყოველთვის ვერიდები შედარებების გაკეთებას, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ - ის ერთ რამეში ჩემზე უკეთესია, ის ჩემზე 40 წლით ახალგაზრდაა". " დიბალა უფრო მეტად შემტევი მოთამაშეა, ვიდრე მე, ის ფორვარდია. მას გუნდთან ერთად შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში". " ასევე მას საკმარისი რაოდენობის გოლები გააქვს. მე ვიყავი ნახევარმცველი, რომელმაც ბევრი გოლი გაიტანა, გუნდური მოთამაშე, რომელიც სხვებს წინ მიუძღვოდა, უფრო მეტად, ვიდრე დიბალა". "ის პლატინი არაა, ის უფრო მარადონას კატეგორიიდანაა, შესაძლოა ნაკლები ნიჭით, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად აქვს".
უეფა-ს ყოფილმა პრეზიდენტმა კვირას, 17 იანვარს სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი, სადაც ერთმანეთს "ინტერი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან. " როგორ დასრულდება შეხვედრა? 1:0, გოლს კრიშტიანუ გაიტანს, თუმცა ეს საინტერესო არ იქნება. რაც შეეხება სერია ა-ს ტიტულისთვის ბრძოლას, თვალი ადევნეთ "მილანს". მიმდინარე იტალიის ჩემპიონატი ნამდვილი ბრძოლაა",- განაცხადა პლატინიმ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიშელ პლატინი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის სამჯერ გახდა "ოქროს ბურთის" მფლობელი - 1983, 1984 და 1985 წლებში. საფრანგეთის ფეხბურთის ისტორიაში ის ერთადერთია, ვინც სამჯერ მოიპოვა ეს პრიზი.

სხვა სტატიები