Belive

,,პირველი მატჩი უკრაინასთან გველის და მაქსიმუმს გავაკეთებთ გულშემატკივრების გასახარებლად'' - ნაკრებმა მზადება დაიწყო

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 

11 ნოემბერს, ჩვენი გუნდი საგურამოში შეიკრიბა და არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე კალანდაძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. 

შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მოახლოებული მომდევნო მატჩების შესახებ ლევან შენგელიამ და ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს. 

ლევან შენგელია: „კონცენტრირებულები ვართ მომდევნო ორი მატჩის მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩასატარებლად. გვსურს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საჭირო შედეგი დავაფიქსიროთ.

პირველი მატჩი უკრაინასთან გველის და მაქსიმუმს გავაკეთებთ ქართველი გულშემატკივრების გასახარებლად. ჩვენ კი, დადებითი განწყობით შევხვდებით ჩეხეთში ჩასატარებელ დასკვნით თამაშს, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება.

ნაკრების სხვადასხვა ქალაქში თამაში ძალიან კარგია, რადგან გულშემატკივარს მაქსიმალურად ეძლევა ნაკრების ხილვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, ბათუმში ძალიან კარგი გულშემატკივრობა იქნება.

ანზორ მექვაბიშვილი): „ზუსტად ორი თვე გამიცდა და ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად სწრაფად მომერჩინა ტრავმა. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და მზად ვარ ნებისმიერ მომენტში დავეხმარო ნაკრებს.

მთავარია, მომდევნო მატჩებში შევინარჩუნოთ ის თამაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე და სექტემბერში გვქონდა. იყო მცირე ჩავარდნა, იყო უიღბლობაც, თუმცა მთავარია, რომ დავიბრუნოთ ის, რაც აქამდე გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ძალიან კარგია ქვეყნისთვის, როდესაც ნაკრები არა მხოლოდ დედაქალაქში თამაშობს. განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც ბათუმში ან ახლოს ცხოვრობს და შეძლებს თამაშზე მოსვლას. განსხვავებული ატმოსფერო იქნება, რაც აუცილებლად დაეხმარება ნაკრებს. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ გულშემატკივარს სურს.'' -

წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები სრულად 12 ნოემბრიდან შეიკრიბება. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

nakrebi.ge

სხვა სტატიები