Belive

პირველად კვლევები ჩატარდა - ჰაკიმის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

4 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ვენსან კომპანის გუნდი ევროტურნირს უდანაკარგოდ, 12 ქულით ლიდერობს.

პირველი ტაიმის მიწურულს, მიუნხენის ბაიერნს დუბლის ავტორი - ლუის დიასი გაუგდეს, რომელმაც პსჟ-ს ლიდერზე - აშრაფ ჰაკიმიზე საშინლად იუხეშა და მძიმე ტრავმა მიაღებინა.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი სპორტული გამოცემისა და ფრანგული გაზეთის, "L’Équipe"-ის ცნობით, პირველადი კვლევების მიხედვით, მაროკოელი ფეხბურთელი 3-5 კვირას იუქმებს, თუმცა იგი დამატებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა დადასტურდეს მისი არყოფნის ზუსტი ხანგრძლივობა.

კადრებში კარგად ჩანდა, რომ ჰაკიმიმ ტერფის არეში უმძიმესი დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა მოედანი ტკივილითა და ცრემლებით დაეტოვებინა.

პსჟ-მ დაადასტურა, რომ მცველს ოთხშაბათს დეტალური სკანირება ჩაუტარდება დაზიანების შესაფასებლად და საუკეთესო მკურნალობის გეგმის შესარჩევად. კლუბმა ჯერ არ გამოაცხადა გამოჯანმრთელების ოფიციალური ვადები.

ეს ტრავმა მან კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში მიიღო, რადგან მაროკოს ეროვნული ნაკრები აფრიკის ერთა თასს (AFCON) 21 დეკემბერს იწყებს და ახლა სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ ჰაკიმი ტურნირისთვის დროულად გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს - ჰაკიმი მაროკოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე და გუნდის ლიდერია. მისი არყოფნა გუნდის დაცვისთვის დიდი დარტყმა იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მაროკო ტურნირის მასპინძელია.

სხვა სტატიები