პიკე: "ჩვენს მეკარეს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ეკუთვნოდა"
საფეხბურთო კლუბ ანდორას მფლობელმა, ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ მეკარე ხესუს ოვონო არ იმსახურებდა 12-მატჩიან დისკვალიფიკაციას, რომელიც მას ტენერიფეს თავდამსხმელ, ხესუს დე მიგელის გარდაცვალებით დასრულებული შეჯახების შემდეგ დაეკისრა.
ოვონო და დე მიგელი ერთმანეთს 2 ნოემბერს, ესპანეთის მეორე დივიზიონის მატჩში შეეჯახნენ. ფორვარდი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.
ფეხბურთელებმა, ყოფილმა მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა, მეკარეებმა - ყველამ ეს ეპიზოდი უბედურ შემთხვევად შეაფასა. მთელი გულით მჯერა, რომ ამ ეპიზოდისთვის ხესუსისთვის მაქსიმალური სასჯელის გამოტანა მას ისეთ მდგომარეობაში აყენებს, რომელსაც არ იმსახურებს, რადგან მომხდარ ტრაგედიაში მისი ბრალი არ არის.
ისიც მშვენივრად ვიცი, რომ ხესუსს 12 მატჩზე გაცილებით მეტი დასჭირდება, სანამ სრულფასოვნად ვარჯიშსა და თამაშს შეძლებს. - განაცხადა პიკემ
ბარსელონას ყოფილმა მცველმა მაგალითად მოიყვანა ალბასეტეს ფეხბურთელ ხოსე კორპასის შემთხვევა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში, საბადელის მოთამაშე კვადრი ლიამიდს შემთხვევით თავში ფეხი მოარტყა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
"საბედნიეროდ, კვადრი კარგადაა - ამ შემთხვევაში შედეგი ფატალური არ ყოფილა და კომიტეტმა კორპასს სამმატჩიანი სასჯელი გამოუტანა. ამ ყველაფრის ფონზე მიჩნდება კითხვა: რა ისჯება, თავად ქმედება თუ მისი შედეგი?“ - პიკემ ეს შეკითხვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში დასვა.
25 წლის ოვონომ უარი თქვა ეკვატორული გვინეის ნაკრებში გამოძახებაზე (აფრიკის ერთა თასის შესარჩევ მატჩებზე ზიმბაბვეს წინააღმდეგ), რომლებიც ამ თვეში გაიმართება. პიკეს თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეკარე მოედანს დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვისთანავე დაუბრუნდეს.
🟥 Gerard Piqué sobre la sanción a Jesús Owono:
— El Partidazo de COPE (@partidazocope) November 16, 2026
❌ ''Owono necesitará más de 12 partidos para poder volver a competir''
🙏 ''No habrá sanción que nos devuelva a Demi''
📹 tiktok/@3gerardpique
📻 #PartidazoCOPE pic.twitter.com/yMP0iJ0x90